თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი – 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო “გრინ სერვისი” და პროექტი შემოწმებული იყო.
პოლიციაში უკვე დაიბარეს კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია. ის ჩოგბურთელი იყო და წარმატებულ მომავალსაც უწინასარმეტყველებდნენ. მარიტა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
AMBEBI.GE მარიტას პედაგოგს ესაუბრა.
ლუბა კასრაძე, მარიტა მეფარიშვილის პედაგოგი: “მეხუთე წელია, რაც მარიტას პედაგოგი ვარ და ამასობაში ძალიან შემაყვარა თავი. არაჩვეულებრივი გოგონა იყო მარიტა, ამას ყოველგვარი გადამეტების გარეშე გეუბნებით. ძალიან მშვიდი, წყნარი, ზრდილი და ღიმილიანი იყო. მარიტა სპორტით იყო მაქსიმალურად დაკავებული, რასაც ბევრი დრო მიჰქონდა (მარიტა მზიურის ჩოგბურთის კორტებზე ვარჯიშობდა, მისი მწვრთნელი მამა – დავით მეფარიშვილი იყო – ნ.ფ.). მას სპორტი არ უშლიდა ხელს სწავლაში. მარიტას უფროსი და ჰყავს, ნუცა, მე-9-ე კლასელია, ისიც ვარჯიშობს.
ორივენი ზრდილები, ლამაზები და გონიერები არიან. კოვიდის გამო, ლამის სამი წელი ონლაინ სწავლება გვქონდა და ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს, ნაკლები შეხება გვქონდა და ისე წამოიზარდნენ ეს ბავშვები, ვერც გავიგეთ… წელს ჩვეულებრივად მოვიდა მარიტა სკოლაში. კარგის მეტი არაფერი მეთქმის, არაჩვეულებრივი და ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო. არ ვიცი, დღეს რატომ გააცდინა, ამდენი არ ვიცი. მისი დამრიგებელი განადგურებულია, ახალგაზრდა ბიჭია, ხელოვნებას ასწავლის და კლასზე ზედგადაყოლილია. ისიც და მთელი სკოლაც შოკში ვართ, მეხის დაცემას ჰგავს ეს ყველაფერი”.