დიახ, ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, მაგრამ გადავიტანთ ამ ზამთარს. ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ის მთლიანად ენერგორესურსების ექსპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ მისი მთავარი იმპორტიორები ვართ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპასა და გერმანიაში წიაღისეული ენერგომატარებლებისგან გათავისუფლება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა ისედაც მიზნად აქვთ დასახული.
„დიახ, მართალია, ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს. რუსეთი ნავთობისა და გაზის დიდი მომპოვებელი და ექსპორტიორია და თავდასხმითი ომის დაწყების გამო ჩვენ სანქციის სახით გადავწყვიტეთ, ძლიერ შევამციროთ და პერსპექტივაში ნულამდე დავიყვანოთ რუსეთისგან ნავთობისა და გაზის მიღება. ეს წიაღისეული ენერგომატარებლების კრიზისია და ჩვენ ევროპასა და გერმანიაში ისედაც მიზნად გვაქვს დასახული, გავთავისუფლდეთ წიაღისეული ენერგომატარებლებისგან და განახლებად ენერგიაზე გადავიდეთ. ახლა შოკი გვაქვს, მომწოდებელთა შოკი, რადგან რუსეთი, როგორც მომწოდებელი გამოირიცხება. ეს ძალიან რთულია გერმანიისთვის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, რადგან ჩვენ ზედმეტად ვენდობოდით რუსეთს, როგორც სანდო პარტნიორს ნავთობისა და გაზის მოწოდების საკითხში. ომის წარმოების გამო ჩვენ ვთქვით, რომ ვეღარ განვიხილავდით რუსეთს სანდო პარტნიორად. ენერგიის ფასები ჩვენთან ახლა ძალიან გაძვირდა. გერმანიაში გვაქვს ე.წ. განტვირთვის პაკეტი, რომლის თანხამ წელს 200 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს უნდა მოხმარდეს მოსახლეობას, რომელსაც დახმარება სჭირდება ბინების, სკოლების, საჯარო შენობების და ა. შ. გასათბობად, რათა ეს ზამთარი გადავიტანოთ და ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს. ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ის მთლიანად ამ ექსპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ მისი მთავარი იმპორტიორები ვართ. ამ შედეგებს რუსეთი მძიმედ შეიგრძნობს და სანამ იგი ამ ომს აწარმოებს, ჩვენ აღარ ვაპირებთ მისგან მეტი ნავთობისა და მეტი გაზის ყიდვას. რუსეთი თავის წიაღისეულ ენერგომატარებლებთან მარტო დარჩება“, – განაცხადა ფიშერმა.
გარდა ამისა, გერმანიის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ დიდი დახმარება გაუწია რუსეთს და პუტინმა ეს ყველაფერი „წყალში გადაყარა“.
„იმედი მაქვს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დამთავრება, თუმცა ამ მომენტისთვის რთული სათქმელია, როგორ უნდა დასრულდეს იგი. გრძელვადიან პერსპექტივაში გერმანია გათავისუფლდება წიაღისეული ენერგომატარებლებისგან და ჩვენ ასი პროცენტით განახლებად ენერგიაზე გადავალთ. ასე რომ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აღარ გვექნება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის საჭიროება. რა თქმა უნდა, ისევე როგორც საქართველო, ჩვენც რუსეთის უშუალო მეზობლები ვართ და ჩვენი ინტერესი ყოველთვის იყო რუსეთთან კოოპერაციული და პროდუქტიული ურთიერთობა, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული განსხვავებებისა. მოწინააღმდეგესთანაც კი საჭიროა იმ სფეროების ძიება, სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა, მცირე ნაბიჯებით ნდობის მოპოვება და ისეთი მიმართულებით სიარული, რომელიც გონივრულ და მშვიდობიან ურთიერთობამდე მიგვიყვანს. ამას ვცდილობდით რუსეთთან მიმართებაში, 80-იან, 90-იან წლებში. ჩვენ ყველაფერი შევთავაზეთ რუსეთს: თანამშრომლობა პოლიტიკის, ადმინისტრაციის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში. ჩვენ დიდი დახმარება გავუწიეთ რუსეთს და ჩვენდა გასაკვირად – და ასევე ეს იყო ჩვენთვის იმედგაცრუება – პუტინმა ეს ყველაფერი წყალში გადაყარა, ყველაფერი, რაც მას გერმანიამ და დასავლეთმა შესთავაზა. წყალში გადაყარა ეროვნული სიდიადის ოცნების გამო, რაც ჩვენთვის ამ ფორმით სრულიად გაუგებარია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნული სიდიადე მოდის მაშინ, როდესაც ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ, როდესაც მათ საკმარისი კეთილდღეობა გააჩნიათ, როდესაც ისინი თავისუფლები არიან. ეს არის ეროვნული სიდიადე და არა ის, თუ რა ტერიტორიას ფლობ და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ როდესაც ომი დასრულება, როდესმე რუსეთთან კვლავ შესაძლებელი გახდება მშვიდობიანი და პროდუქტიული ურთიერთობა“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.