ბათუმში, 19 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, კლინიკა “მედცენტრში” გარდაიცვალა.
ექიმების განცხადებით, მას თავისა და გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. კლინიკის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
ცნობისთვის, წუხელ, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა ბიჭს ესროლეს. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკა უკვე დატოვეს. მთელი ღამის განმავლობაში, ინცინდენტის ადგილი სამართალდამცავებს ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ. რა გახდა სროლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ან გასაღებას გულისხმობს.