საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას.
„დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ რიგში, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა.
სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს შუმერულ ენაში სიბრძნის სამყოფელ მიწისქვეშა მდინარეს ეწოდებოდა. სიბრძნემ უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან, სიბრძნის ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა და თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე.
საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად აქციოს”, – წერს ზურაბიშვილი.