ფოტო: უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონის რუსულ სამხედრო ხომალდზე მალულად თავდასხმის მომენტი მხატვრის წარმოსახვაში…
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ორშაბათს უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილი მასიური სარაკეტო იერიში “ნაწილობრივ” იყო პასუხი სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
ამაზე მეტი აღიარება თვით სახელმწიფოს პირველი პირისგან, არ არსებობს ანუ პუტინი არ მალავს, რომ უკრაინელების მორიგი დივერსიული თავდასხმების, რომელთა სამიზნე ანექსირებულ ყირიმის სევასტოპოლის ბუხტაში მოდრეიფე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები გახლდნენ, საპასუხოდ მან ბრძანება გასცა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე უმოწყალოდ დაებომბათ ჰიდროელექტროსადგურები?!
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, 31 ოქტომბერს, დილიდან, რამდენიმე ეტაპად უკრაინისკენ რუსეთმა გაუშვა 78 ერთეული ფრთოსანი რაკეტა და კამიკაძე-დრონი, რომელთაგან უკრაინელმა მეზენიტეებმა 45 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
რა გამოდის? თუკი უკრაინელები „ჰაიმარსის“ რაკეტებითა თუ საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონებით ზუსტად ურტყამენ ფრონტის ხაზის სიღრმეში რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკასა და სამხედრო ხომალდებს, რუსეთი მათ პასუხობს, ასევე, ფრონტის სიღრმეში… უკრაინული ქალაქების კორპუსებისა და ჰიდროელექტროსადგურებზე სარაკეტო დარტყმებით?
სწორედ აქ არის მთავარი განსხვავება დივერსიასა და ტერორის განმარტებებს შორის – უკრაინელების მთავარი სამიზნე რუსი ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო ინფრასტრუქტურაა, ხოლო რუსებისა კი – უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების საცხოვრებელი კვარტლები და მოქალაქეები…
სწორედ ამიტომაც დაიწყო რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოდ აღიარების პროცედურა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის პარლამენტმა და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება…
სხვათა შორის, როდესაც რუსეთი 31 ოქტომბრის დილიდან ფრთოსან რაკეტებს უშვებდა უკრაინული ჰიდროელექტროსადგურების დასაზიანებლად, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 600 კმ-ის დაშორებით, რუსეთის ფსკოვის ოლქის ქალაქ ოსტროვთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე, უკრაინელი დივერსანტი დღისით-მზისით აუჩქარებლად ამზადებდა ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ისინი ორ რუსულ თანამედროვე დამრტყმელ შვეულმფრენზე „კა-52“ „ალიგატორზე“ დაამაგრა… და ამას ყველაფერს ვიდეოზე იღებდა, რომელიც უკვე გავრცელდა ინტერნეტით…
ამ დივერსიული აფეთქებების შედეგად, ორი რუსული „ალიგატორი“ სრულად განადგურდა, ორმაც კი დაზიანება მიიღო…
გამომდინარე იქიდან, რომ ერთი „ალიგატორის“ თვითღირებულება თავად რუსეთის არმიისთვის 15 მლნ დოლარს აღემატება, გასაგებია, თუ რამხელა დანაკლისი მიაყენა მხოლოდ ერთი-ორმა უკრაინელმა დივერსანტმა რუსეთს…
მანამდე კი, 29 ოქტომბრის გამთენიისას, უკრაინელებმა ასეთივე „თავხედობით“ განახორციელეს კომბინირებული თავდასხმები ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის ბუხტაში, რისთვისაც ცხრა საჰაერო კამიკაძე-დრონი და შვიდი საზღვაო კამიკაძე-დრონი გამოიყენეს.
ეს საზღვაო კამიკაძე-დრონი ნახევრადჩაძირულ მდგომარეობაში მიცურავს და რთული აღმოსაჩენია. ამ დრონებზე დაყენებული ვიდეოკამერებით გადაღებულმა კადრებმა ინტერნეტი დაიპყრო, რადგან მათზე კარგად ჩანს, თუ ისინი როგორ „ნადირობენ“ სევასტოპოლის ბუხტაში მდგარ რუსულ სამხედრო ხომალდებზე, მათ შორის, იმ სარაკეტო ფრეგატებზე, რომლებიდანაც უკრაინული ქალაქებისკენ სისტემატურად უშვებენ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს.
უკრაინელების ამ საჰაერო-საზღვაო დივერსიამ ოკუპირებული სევასტოპოლის ბუხტაში გარკვეული შედეგი გამოიღო – საზღვაო კამიკაძე-დრონების აფეთქებების შედეგად, სავარაუდოდ, არანაკლებ სამი რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა, მათგან ერთი – მტრალავი, დადასტურებულად; ასევე, შესაძლოა, ერთი სარაკეტო ფრეგატიც…
და უკრაინელების ამ დივერსიის (რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთელი სისუსტე, როდესაც ვითომ ძალიან კარგად დაცულ ბუხტაში ამდენი უკრაინული კამიკაძე-დრონი შეეპარათ) კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავისი სრული უცოდინრობა გამოამჟღავნა ელემენტარულ ტექნიკურ საკითხებში, როდესაც სოჭში, პრესკონფრენციაზე, ამ უკრაინული კამიკაძე-დრონების შესახებ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა – ეს წყალქვეშა აპარატები ექვსი მეტრის სიგრძისაა და მე მგონი, 500 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებაა ზედ განთავსებულიო…
ექვსი მეტრის სიგრძის მცურავ საშუალებაზე 500 ტონის განთავსება არარეალურია და ამას სკოლის ის მოსწავლეც მიხვდება, რომელსაც ფიზიკის მასწავლებელი სამიანზე მაღალ შეფასებას არასოდეს აღირსებს.
შეიძლება ჩაითვალოს, რომ პუტინს 500 ტონის ნაცვლად, 500 კგ უნდა ეთქვა და, უბრალოდ, შეეშალა, თუმცა ეს მისი, როგორც ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტის ისედაც ბოლომდე დაცემულ პრესტიჟს ნამდვილად არ ამაღლებს…
p.s. სევასტოპოლის ბუხტაზე უკრაინელების დივერსიული თავდასხმა კრემლმა „ხორბლის დერეფნის“ (რომელიც უკრაინული ხორბლის სავაჭრო გემებით ოდესიდან სტამბულში უსაფრთხოდ ჩატანას ითვალისწინებს) ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლის საბაბად გამოიყენა, თუმცა უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ მაინც გააგრძელეს ამ გემების კონვოის ცურვა. არ არის გამორიცხული, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, შურისძიების მიზნით, რამე პროვოკაციას მიმართოს „ხორბლის დერეფნის“ ჩასაკეტად…
kvirispalitra.ge