“მელიას განეიტრალების ოპერაცია…ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებს სიცრუეს და ვინც მოერევა მეორეს…ის დაიკავებს მელიას ადგილს”- არჩილ თალაკვაძე

„მელიას განეიტრალების ოპერაცია“ – ასე უწოდებს ენმ-ში მიმდინარე პროცესებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

მისი თქმით, ამ პროცესებში ნათლად იკვეთება, რომ კეზერაშვილი ცდილობს თავი გადაირჩინოს და რომელიმე კონკრეტულ ფლანგზე დამკვიდრდეს, ისე, როგორც თავის დროზე ეს ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა.

„ახლა მიმდინარეობს მელიას განეიტრალების ოპერაცია, რასაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს. შიგნით მიმდინარეობს კეზერაშვილის გაყოფა-გადანაწილების პროცესი. ვინც უფრო მეტად იქნება უტიფარი და ვინც უფრო მეტად იქნება თავზე ხელაღებული, ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებს სიცრუეს და ვინც მოერევა მეორეს, ის დაიკავებს მელიას ადგილს. შეიძლება, მელია მოერიოს, შეიძლება, ხაბეიშვილი, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს. გარეთ დგას კეზერაშვილი, რომელსაც აქვს ფული, გავლენა ტელევიზიაზე და ცდილობს, ამ გემის ნარჩენებისგან რაღაც ნავი, ან ტივი მაინც გააკეთოს, როგორც მინიმუმ. იმიტომ, რომ მას ეს თავდაცვისთვის სჭირდება; მას სჭირდება, დროულად ამოეფაროს ან ჟურნალისტიკას, ან პოლიტიკას, როგორც ეს გააკეთა ერთ შემთხვევაში სააკაშვილმა და მეორე შემთხვევაში როგორც ისინი ეძახიან „მედიამენეჯერმა“, ყოფილმა პროკურორმა, ვინც პირდაპირ მხარს უჭერდა და საზოგადოებას ეთერში უმტკიცებდა, რომ „იმედზე“ „რეიდის“ ჩატარება, ანტენების დაპატიმრება და ჟურნალისტების ცემა იყო დემოკრატიისთვის აუცილებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ნადირაძემ, გუშინ 9 ნოემბერს გააკეთა განცხადება, რომ ენმ შიდა არჩევნებს და ახალ ხელმძღვანელს საჭიროებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share