ვიდრე ევროკავშირს არ დავჭირდებით, მათი მხრიდან სულ იქნება მოთხოვნა მოგონილი პირობების შესრულებაზე – ფრიდონ ინჯია

მაგალითად, ვარ ოლიგარქი და მინდა მონაწილეობა მივიღო შეკრებაში, რომელიც კომბაინერებს იცავს, თურმე ეს მე არ შემიძლია – მანამ სანამ ევროკავშირს ჩვენ, როგორც სახელმწიფო არ დავჭირდებით, მათი მხრიდან სულ იქნება მოთხოვნა მოგონილი პირობების შესრულებაზე, – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მეორე მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი განიხილეს.

როგორც ინჯიამ განაცხადა, კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

მან პროექტის ინიციატორებს მიმართა, ეუთო/ოდირის იმ დასკვნას დაელოდონ, რომელსაც უკრაინაში მიღებულ კანონს მისცემენ.

“ევროკავშირის მხრიდან ყოველთვის იქნება მოთხოვნები არგუმენტირებული იმით, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიყოთ, გარკვეული გზა უნდა გავიაროთ. ამის პირველი ეტაპი ის 2 000 კითხვა იყო, რომელიც მათ გამოაგზავნეს და რომელსაც ხელისუფლებამ და ხელისუფლების მთელმა აპარატმა პასუხი გასცა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ გზაზე ევროპული პერსპექტივა მივიღეთ. ამის შემდეგ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გამოჩნდა. მეოთხე, ჩვენი კანონმდებლობის მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობა იქნება. მერე იქნება მონიტორინგი, რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონი მათ კანონებს. შემდეგი ეტაპი ამ მონიტორინგიდან გამომდინარე დასკვნების შესრულება იქნება, რასაც კიდევ ორი წელი დასჭირდება. ასეთი ეტაპები იქნება სულ.

თუკი საქართველო ევროკავშირისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის და ინტერესის ქვეყანა იქნება – როგორიცაა მაგალითად, ევროპის ენერგო დამოუკიდებლობა და კიდევ სხვა რაღაცეები, ჩვენ იმ წუთში მიგვიღებენ. ამიტომ ჩვენი ჩვენი ადგილი უნდა მოვძებნოთ და ჩვენ ევროკავშირს უნდა დავჭირდეთ. მაშინ გრიალ-გრიალით მიგვიღებენ. მანამდე ეს ეტაპები იქნება”, – განაცხადა ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share