საქართველოს საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი შერეული ფორმატით წარიმართება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ სკოლებში, სადაც ონლაინ სწავლება იყო, კვლავ დისტანციურად ისწავლიან, ხოლო სადაც დასწრებით სწავლობდნენ, კვლავ საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.
საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის რეგიონშიც ონლაინ-სწავლება მანამ იქნება, სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება.
საქართველოს დანარჩენ რეგიონებში საკლასო ოთახებში განახლდება სწავლა.