“ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში…აუცილებლად დაიწყება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია”-გიორგი მუმლაძე

ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, აუცილებლად დაიწყება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მოძრაობა დაიწყება და გაგრძელდება ბიძინა ივანიშვილის სახლებთან და „ქართული ოცნების” ოფისებთან, რაც საბოლოო ჯამში რუსთაველზე ძალიან დიდ პროტესტს მოიტანს და ამ პროტესტით დასრულდება რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ- ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ გააკეთა.

მუმლაძემ წარადგინა საკუთარი ხედვა, თუ რას შეცვლის „ნაციონალურ მოძრაობაში” მისი თავმჯდომარეობის პირობებში.

„19 წლის წინ, აქ, საქართველოს ბედი გადაწყდა და მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ეს გზა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ, საქართველოში უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ამიტომ ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღი რუსულ რეჟიმთან ბრძოლის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს ეფექტური და აქტიური პოლიტიკაში. მთავარი, რაც იქნება ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, აუცილებლად დაიწყება კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ეს იქნება რუსი ოლიგარქის იძულების კამპანია, რომელიც მიემართება მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მოძრაობის დაწყებით, დაიწყება და გაგრძელდება ბიძინა ივანიშვილის სახლებთან და „ქართული ოცნების“ ოფისებთან, რაც საბოლოო ჯამში აქ, რუსთაველზე ძალიან დიდ პროტესტს მოიტანს და ამ პროტესტით დასრულდება რუსული რეჟიმი.

რაც შეეხება უშუალო გეგმას, როგორ გახდეს პარტია ძლიერი და სახალხო – ეს პარტია უნდა გახდეს აქტიური მხარდამჭერების კუთვნილება, ამისთვის შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა, რაც საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ “ნაცმოძრაობის” ყველა მხარდამჭერი ჩაერთოს “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაში და გადაწყვეტილებებში მიიღოს მონაწილეობა შიდა რეფერენდუმების საშუალებით. ასევე პარტიაში დაინერგება ფინანსური გამჭვირვალობის ახალი მოდელი, ყოველ სამ თვეში პარტია წარადგენს ახალ ანგარიშს, ეს იქნება ელექტრონული ანგარიში, რაზეც ხელი მიუწვდება ყველა ადამიანს, პარტიაში უნდა დაინერგოს შიდა დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, ყველა თანამდებობა იქნება არჩევითი, ჩვენ ამ მეთოდით ავირჩევთ თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს წევრებს, სამდივნოს წევრებს, გენერალურ მდივანს და რაიონულ თავმჯდომარეებს, მთავარი ორგანო გახდება პოლიტსაბჭო, რომელიც თვეში ერთხელ შეიკრიბება და შეამოწმებს, რას აკეთებს პარტია. ყველა დიდ ქვეყანაში გაიხსნება ჩვენი წარმომადგენლობები, მათი მთავარი ფუნქცია იქნება ემიგრანტების პრობლემებზე მუშაობა და პარტიის პოპულარიზაცია, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენელი. ასევე უნდა შეიქმნას დარგობრივი დეპარტამენტები, სამინისტროები როგორც გვაქვს დღეს, ამ მოდელით უნდა შეიქმნას დეპარტამენტები, რომლებიც იმუშავებს ზუსტად იმ რაკურსით, როგორც მთავრობა, ეს იქნება პრობლემების გადაჭრის კუთხით მუშაობა და საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება,”- განაცხადა მუმლაძემ.

გიორგი მუმლაძის თქმით, ის მხარდამჭერებს პარტიაში რეალურ ცვლილებებს სთავაზობს და ეს მის იდეებში ჩანს. მისივე განმარტებით, მისი მიზანია, “ამ პარტიაში არსებული ჭაობის მხილება”. ამასთან, როგორც გიორგი მუმლაძემ აღნიშნა, ის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არავითარ შემთხვევაში აპირებს და უახლოეს დღეებში წარადგენს სამუშაო მოდელს, რომელიც იქნება მეტად გამჭვირვალე, დემოკრატიული და პარტიაში რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული.

მისი თქმით, ის რომ ვანო მერაბიშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, ეს თავად მერაბიშვილის არჩევანია და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share