“რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი?…ბევრს რომ ლაპარაკობენ, წავიდნენ და იომონ”– ღარიბაშვილი

“რომელი პოლიტიკოსი გინახავთ, ან უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი? ბევრს რომ ლაპარაკობენ და ფეისბუქზე არიან აქტიურები, ძალიან ვაჟკაცური და გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, იქ სელფებს რომ იღებდნენ, წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები და აქტორები, რომლებიც უკრაინაში გარდაცვლილ ქართველებს სამძიმარს უცხადებენ, ახლა პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ

“ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს, მაგრამ ვინაიდან ყველა ასეთ მცდელობაზე, ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული დივიდენდების მიღებას, ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ეს ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდესო, საქართველოში, თბილისში გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ, თქვენ ახლა გგონიათ ვინმეს უხარია დღეს რომ მშვიდობა არის ჩვენთან? ეს სტაბილურობა და ეს კეთილდღეობა?”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, ამიტომ მის ნებისმიერ ქმედებას ძალიან დიდი გააზრება სჭირდება.

“გასაგებია ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს და ვართ უკიდურესად შეშფოთებულები, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ შეხედეთ ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას სჭირდება დიდი გააზრება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული და ჩვენს მაგივრად ისინი ნუ გაირჯებიან, მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველ დღე, დილით და საღამოს, ჩვენს ხალხს და ჩვენს საზოგადოებას, იმისთვის რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ახლა ჩვენ გვაცალონ ცოტა ხანი ქვეყნის მართვა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მან ორდღიანი დუმილის შემდეგ, უკრაინაში დაღუპული ქართველების ოჯახებს დღეს მიუსამძიმრა, თუმცა იქვე შეახსენა, რომ დაღუპულების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა ფარავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share