ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თათია ნიკოლაშვილი, მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირებისათვის, ხვალ, ოზურგეთის პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” თავად ნიკოლაშვილმა დაუდასტურა:
“არანაირი იმედი შესაბამისი უწყების სამართლიანი ქმედებისა არა მაქვს, მაგრამ მივმართავ იმიტომ, რომ კიდევ მსგავსი არ გაუვიდეთ. რომ არ შეიძლება განსხვავებული აზრი როცა არ მოეწონებათ ცემაზე გადავიდნენ, ის რაც დღეს მოხდა სირცხვილია და არ უნდა განმეორდეს” – გვითხრა დეპუტატმა.
დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატ თათია ნიკოლაშვილს, სიტყვით გამოსვლისას. “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრები, მარიკა ჩხიკვიშვილი, ქეთი ხომერიკი, ნინო ჭანიშვილი, ნინო ნადირაშვილი მიეჭრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ნინო ნადირაშვილმა და “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის საკრებულოში, მარიკა ჩხიკვიშვილმა მასზე ფიზიკურადაც იძალადეს.