გიორგი გაბუნიამ დღეს გადაცემა “პოსტფაქტუმში” დედაზე ისაუბრა და მისი დაკრძალვის დღე გაიხსენა, როცა ფენომენალური ტელეწამყვანი უკანასკნელ გზაზე არ გაუცილებია არავის იმ ტელევიზიიდან, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ ათეულობით წელი გაატარა: “ანჩისხატში დავასვენეთ დედა. როდესაც მესამე დღეს დავასაფლავეთ, როგორც ხდება ხოლმე მისი საფლავიც პანაშვიდზე მიტანილი უამრავი ყვავილით გაივსო. იქ იყო სხვადასხვა ადამიანის სახელით მოტანილი დიდი გვირგვინები, მათ შორის პრემიერ მინისტრისგან, ბუბა კიკაბიძისგან, სხვადასხვა ადამიანისგან მოტანილი ძალიან ბევრი ყვავილი, მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც დედამ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა. საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია.
დედა, მე საკუთარი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს, რომლებიც შენი საფლავის ქვას შეამკობს. შენი უკანასკნელი განსასვენებელი მე ასე მაქვს ჩაფიქრებული, იქნება მოკრძალებული, მაგრამ ისეთივე გამორჩული, როგორიც შენ იყავი, როგორც თოვლზე ამოსული თეთრი ყვავილი.
იძინე მშვიდად დედა, შენ მაქ არაფერი არ შეგაწუხებს”-ამ სიტყვებით დაასრულა მონოლოგი ტელეწამყვანმა.