გურიის მოამბე

„რუსეთიდან ჩამოსულებმა პირველად უნდა უნდა ნახონ „ცარ ირაკლი ვტაროის“ ძეგლი“ – ინტერვიუ

„ერეკლეს ბოლომდე ვერ განაიარაღებდნენ – შეუძლებელია ერეკლე მეფე ხმლის გარეშე. ერეკლე მეფეს, რომელიც სულ იბრძოდა, ხმალი ქარქაშში არასდროს ჩაუგია, ამიტომაც, მიასადაგეს „ოცნების“ მორჩილ პოლიტიკას – ფაქტობრივად, მაქსიმალურად დაუმალეს ერეკლეს ხმალი.

”ეს არის ძირითადად საგარეო მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი – რუსეთის ფეხ-ქვეშ გაგების კიდევ ერთი მცდელობა. ეს ძეგლი არის ასევე შიდა მოხმარებისთვის, ანუ ერეკლეს ავტორიტეტის დახმარებით – რომელიც ამ მეფეს ძალიან დიდი აქვს – პრორუსული ორიენტაციის რეაბილიტაცია საქართველოში,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ბექა კობახიძე.

ბექა კობახიძეს ერეკლე მეფის ძეგლის გახსნაზე ვესაუბრეთ.

„ირაკლი კობახიძე ან შალვა პაპუაშვილი რომ ყოფილიყვნენ მე-18 საუკუნის ქართლ-კახეთში, ალბათ იმას იტყოდნენ, ერეკლემ კრწანისის ბრძოლა ვერ აარიდა საქართველოს და ლეგიტიმაცია გაუკეთა აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრასო.

კარგი იქნებოდა, ის ეთქვა, რომ 1795 წელს, როცა აღა-მაჰმად-ხანი შემოდიოდა საქართველოში თბილისის გადასაწვავად, ერეკლე წერილს წერილზე აგზავნიდა რუსებთან: მოდიან, გთხოვთ, დროზე დაგვეხმარეთ და მოგვეშველეთო. რუსეთმა პირიქით, ამ დროს ჯარები გაიყვანა საქართველოდან – ევალებოდა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით საქართველოს დახმარება, მაგრამ, როგორც იცით, რუსეთმა მარტო შეატოვა ერეკლე მეორე აღა-მაჰმად-ხანს.

ამაზე „ოცნების“ ლიდერებისგან არანაირი კომენტარი არ მოგვისმენია და აგერ, აღა-მაჰმად-ხანის სამშობლოში – ირანში დარბიან ხოლმე გასვენებებზე და თუ საელჩოში – პანაშვიდის წიგნებში ჩანაწერის გასაკეთებლად… „ოცნება“ ეწევა ისტორიის გაყალბებას და ინსტრუმენტალიზებას.

„ბათუმელებმა“ ისტორიკოსს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ბექა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ბექა, რის დემონსტრირება სცადა „ოცნებამ“ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნით?

დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე მეფე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მონარქია საქართველოს ისტორიაში. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ ასეთი დონის მმართველი საქართველოს არ ჰყოლია. ეს იყო კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ომში გაატარა.

თუმცა ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რუსების მიერ ხდება ერეკლეს პოზიციონირება, როგორც პრორუსი მეფის.

თუ რამე არის ერეკლე მეფის დაკნინება და სახის შეცვლა, არის ის, რაც კეთდება საბჭოთა დროიდან მოყოლებული დღემდე.

მნიშვნელოვანია, რატომ გაიხსნა ძეგლი ამ კონკრეტულ ადგილას?

როდესაც საქართველოს ოკუპაციის 60-წლიანი წელი შესრულდა, 1981 წელს, შევარდნაძემ თქვა ცნობილი სიტყვები – „საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“. ამას მოჰყვა ზურაბ წერეთლის ძეგლის გახსნა აეროპორტთან – ქალი, რომელიც არის საქართველოს სიმბოლო, ჩრდილოეთისკენ არის შეტრიალებული და ხელში უჭირავს მზე.

აეროპორტთან დადგეს ძეგლი იმიტომ, რომ რუსეთიდან როცა ჩამოდის ადამიანი – მაშინ ძირითადად საქართველოში მოსკოვიდან იყო რეისები და არა დასავლეთიდან – დაენახა ეს სიმბოლო: საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის!

არის ასევე მეორე ძეგლი, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა, ეს არის პეტრე ბაგრატიონის ძეგლი. ეს ძეგლი დღესაც დგას კრწანისში. რატომ დაიდგა ეს ძეგლი კრწანისში? – იმიტომ, რომ ცეკას აგარაკები იყო კრწანისში, სადაც შევარდნაძე ცხოვრობდა, იქიდან რომ ჩამოვიდოდა ადამიანი – ცეკას ან პოლიტბიუროს წევრი – პირველი უნდა ენახა იმ ქართველის ძეგლი, პეტრე ბაგრატიონის ამ შემთხვევაში, რომელიც ხმალს იქნევდა რუსეთისთვის.

მესამე შემთხვევაც გვაქვს: აი, დარიალიდან რომ გამოვალთ გუდაურთან – რუსეთ-საქართველოს მეგობრობის მოზაიკაც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად მოაწყვეს. წარმოიდგინეთ, რუსეთიდან ადამიანი საქართველოში შემოდის აეროპორტით, აი, დარიალიდან შემოსულ რუსს კი უნდა ენახა ეს მოზაიკა.

ამით მაშინდელი ქართველი კომუნისტები რუსეთს ეუბნებოდნენ, თქვენი მორჩილები ვართ, თქვენი მოყვარული.

ამის საპირისპიროდ, 2005 წელს აეროპორტის ტრასის ნაწილს დაერქვა ამერიკის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სახელი. ამით სააკაშვილის ხელისუფლება სიმბოლიზირებდა იმას, რომ როდესაც ადამიანი ჩამოვა თბილისში, პირველი ქუჩა, რომელზეც ის გაივლის, არის ამერიკის პრეზიდენტის სახელობის.

ახლა ეს პროცესი ბრუნდება უკან – ესენი [„ოცნება“] ერეკლეს ტირაჟირებენ, როგორც პრორუს მეფეს და იგივე აეროპორტის ტრასაზე დადგეს ერეკლეს ძეგლი. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ხდებოდა 1980-იან წლებში, სიმბოლიზმის თვალსაზრისით.

რასაკვირველია, კახელებს ეუბნებიან, რომ ეს აეროპორტის ტრასა კი არ არის, კახეთის გზატკეცილია და ერეკლე რახან კახელი იყო, ამიტომ დავდგით ეს ძეგლი კახეთის გზატკეცილზეო, მაგრამ ამას აქვს საგარეო პოლიტიკური დანიშნულება: რომ შევიდეთ აეროპორტში და ვნახოთ ტაბლო, საიდან არის რეისების უმრავლესობა, ვნახავთ, რომ რეისების უმრავლესობა არის რუსეთიდან. რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა პირველი უნდა ნახონ „ცარ ირაკლი ვტაროის“ ძეგლი, რომელიც „ოცნების“ ტყუილების მიხედვით, თითქოს იყო პრორუსი.

  • მიგაჩნიათ, რომ „ოცნება“ ამ შემთხვევაშიც მანიპულირებს „გეორგიევსკის ტრაქტატით“ და ცდილობს ერეკლე მეორის პრორუსად წარმოაჩინოს?

 პრორუსული ორიენტაცია ძლიერდება და ამის ინსტრუმენტად იყენებენ ერეკლეს.

ამით ქართველებს ეუბნებიან, რომ აი, ერეკლეს ჩვენ წარმოვაჩენთ, როგორც პატრიოტს, მაგრამ რუსებს ეუბნებიან, რომ ჩვენ წარმოვაჩენთ ერეკლე მეორეს, როგორც პრორუსულად განწყობილ ადამიანს.

  • „ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – ამას კრემლის პროპაგანდისტი, სიმონიანი 2025 წლის აპრილში ამბობდა. ანუ კრემლიც „ოცნების“ მსგავსად ფოკუსს ერეკლე მეფეზე აკეთებს? 

 დიახ, ეს არაა შემთხვევითი, როგორც სახელები არაა დამთხვევა – ირაკლი [ირაკლი კობახიძე] და ერეკლე.

  • მნიშვნელოვანია, რომ მეფე ერეკლე ამ ახალ ძეგლში ხმლის გარეშეა? მას ხმალი არც აღმართული აქვს და არც ქარქაშში ჩაუგია – მარცხენა ხელით უჭირავს დაშვებული… „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობა ამბობდა, რომ ამ ძეგლს მერაბ მერაბიშვილის ესკიზით ამზადებდა, სადაც ერეკლე მეფე შემართული ხმლით არის. 

რასაკვირველია, ესეც სიმბოლურია. ერეკლეს ბოლომდე ვერ განაიარაღებდნენ – შეუძლებელია, ერეკლე მეფე ხმლის გარეშე.

ერეკლე მეფე, რომელიც სულ იბრძოდა, ხმალი ქარქაშში არასდროს ჩაუგია, მიასადაგეს „ოცნების“ მორჩილ პოლიტიკას – ფაქტობრივად მაქსიმალურად დაუმალეს ერეკლეს ხმალი.

  • ძეგლის გახსნის დროს ირაკლი კობახიძემ თქვა: „ერეკლე მეორე პრაგმატიზმის ნამდვილი სიმბოლოა“, ასევე, „ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული გვაქვს ეროვნული და რელიგიური იდენტობა…“ რას აჩვენებს „ოცნების“ პრემიერის ეს გზავნილი?

ირაკლი კობახიძე ან შალვა პაპუაშვილი რომ ყოფილიყვნენ მე-18 საუკუნის ქართლ-კახეთში, ალბათ იმას იტყოდნენ, ერეკლემ კრწანისის ბრძოლა ვერ აარიდა საქართველოს და ლეგიტიმაცია გაუკეთა აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრასო.

კარგი იქნებოდა, კობახიძეს ის ეთქვა, რომ 1795 წელს, როცა აღა-მაჰმად-ხანი შემოდიოდა საქართველოში თბილისის გადასაწვავად, ერეკლე წერილს წერილზე აგზავნიდა რუსებთან: მოდიან, გთხოვთ, დროზე დაგვეხმარეთ და მოგვეშველეთო. რუსეთმა პირიქით, ამ დროს ჯარები გაიყვანა საქართველოდან – ევალებოდა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით საქართველოს დახმარება, მაგრამ, როგორც იცით, რუსეთმა მარტო შეატოვა ერეკლე მეორე აღა-მაჰმად-ხანს.

ამაზე „ოცნების“ ლიდერებისგან არანაირი კომენტარი არ მოგვისმენია და აგერ, აღა-მაჰმად-ხანის სამშობლოში – ირანში დარბიან ხოლმე გასვენებებზე და თუ საელჩოში პანაშვიდის წიგნებში ჩანაწერის გასაკეთებლად.

მეორეს მხრივ, რუსეთზე სიტყვას ვერ დააძვრევინებ. გასაგებია, რომ ისინი ეწევიან ისტორიის გაყალბებას და ინსტრუმენტალიზებას.

  • რა არ ვიცით „გეორგიევსკის ტრაქტატის“ და ერეკლე მეფის შესახებ? ყველაზე მეტად რა ჩაიკარგა ისტორიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პროცესში?

„გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით, რუსეთს ნებისმიერი საგარეო აგრესიისგან სრულად უნდა დაეცვა საქართველო. რუსეთს ევალებოდა: ჯარის ნაწილი ჰყოლოდა მუდმივად საქართველოს ტერიტორიაზე პირველადი შეკავებისთვის და შემდეგ უკვე სრული ძალებით წამოსულიყო – საგარეო აგრესიის შემთხვევაში – საქართველოს დასახმარებლად. რუსეთი საჭირო დროს არათუ დასახმარებლად არ წამოვიდა, არამედ ის ჯარი, რომელიც ევალებოდა, რომ აქ ჰყოლოდა, გაიყვანა საქართველოდან, ანუ ფაქტობრივად ხელ-ფეხი გაუხსნა აღა-მაჰმად-ხანს იმისთვის, რომ საქართველო გაენადგურებინა.

ამიტომაც, ირაკლი კობახიძე თუ „პრაგმატულ პოლიტიკაში“ გულისხმობს რუსეთთან კავშირის გაბმას, აგერ ვამბობ, რომ რუსეთს ევალებოდა საქართველოს დაცვა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის წინააღმდეგ „გეორგიევსკის ტრაქტატით“, მაგრამ რუსეთმა ეს პირობა არ შეასრულა.

ის, რომ ამ ტრაქტატმა თითქოს საქართველო რაღაცისგან დაიცვა, არაა სწორი, პირიქით, ტრაქტატის შემდეგ საქართველო აოხრდა, თბილისი გადაიბუგა, დაინგრა, დაიწვა.

  • რა გამოდის დღევანდელი და მაშინდელი გადასახედიდან, როგორი გადაწყვეტილება მიიღო რეალურად ერეკლე მეფემ?

ეს უკვე ისტორიული დებატის საკითხია. ჩვენ დღეს ერეკლეს ვაფასებთ იმ გადმოსახედიდან, რომ 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი გვაქვს გავლილი და დღეს პუტინის რუსეთის აგრესიის ქვეშ ვცხოვრობთ, როგორც ქართველები, ასევე უკრაინელები, მთელი სამეზობლო… მანამდე, მეფის რუსეთის პირობებში, 117 წელი დისკრიმინაციაში და ჩაგვრაში იყვნენ ქართველები. ეს ყველაფერი რომ გვაქვს გამოვლილი, რასაკვირველია, კითხვებს ვსვამთ „გეორგიევსკის ტრაქტატთან“ დაკავშირებით, მაგრამ იმ დროს ერეკლეს ეს ინფორმაცია – რაც მოხდა საქართველოში ბოლო 200 წელი – არ ჰქონდა.

სხვათა შორის, თვითონ ბურნაშოვი წერდა, რომ ერეკლე ისე არაფერს არ ცდილობს, როგორც საკუთარი ქვეყნის ევროპეიზაციასო.

რუსეთის იმპერია განგრძობადია, მაგრამ ერთსახოვანი არ ყოფილა ამ საუკუნეების მანძილზე: პეტრე პირველიდან მოყოლებული 1917 წლამდე, ანუ ბოლშევიკურ გადატრიალებამდე, რუსეთის იმპერია იყო მჩაგვრელი, მაგრამ იყო ევროპული ძალა. რუსეთის იმპერია ევროპულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე უფრო ჩამორჩენილი, მაგრამ ევროპული სახელმწიფო იყო. მიუხედავად ჩაგვრისა, დისკრიმინაციისა და ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლისა, ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ ის, რომ მე-19 საუკუნეში, მაგალითად, ჩვენმა თერგდალეულებმა მიიღეს ევროპული განათლება. მაშინდელი რუსული უნივერსიტეტები ევროპული უნივერსიტეტები იყო. იქ მიღებული ევროპული განათლება ჩამოიტანეს და საქართველოში ნაციონალიზმის გამოღვიძებას მოახმარეს, ხომ?!

საქართველოს მოდერნიზაცია თავისთავად სპარსულ და ოსმალურ სივრცეში ვერ მოხდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ დაურღვევია „გეორგიევსკის ტრაქტატი“ – რუსეთმა მარტო შეატოვა მეფე ერეკლე აღა-მაჰმად-ხანს, შემდეგ კი, მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, ებრძოდა ქართულ იდენტობას. უამრავი ქართველი შეეწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ.

  • რა გათვლებით მოქმედებდა მაშინ ერეკლე მეფე? ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდში საქართველოს რეალური საფრთხე ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან ჰქონდა ლეკიანობის სახით და ცხადი იყო რუსეთის ინტერესი – შემოსულიყო კავკასიაში. 

ლეკიანობა, ანუ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსვლა, მოტაცება და დაწიოკება – ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ყოველდღიურად აწუხებდათ ქართველებს ეს საკითხი. შეიძლება ითქვას, რომ უჭირდათ ამის მოგვარება. ამ პრობლემის აღმოფხვრას სჭირდებოდა მუდმივი ჯარი. საქართველოს ჰყავდა ლაშქარი, მაგალითად, კრწანისის ბრძოლისთვის შეიკრიბა ლაშქარი, რომელიც ბრძოლის შემდეგ უნდა დაშლილიყო, ადამიანები უნდა წასულიყვნენ თავიანთ სოფლებში და განეგრძოთ სასოფლო-სამეურნეო ცხოვრება, მაგრამ რეგულარული არმია საქართველოს არ ჰყავდა, არც ფული ჰქონდათ ამ რეგულარული არმიის შესაქმნელად. იყო მცდელობა მორიგე ჯარის გაკეთებისა, ერეკლეს შვილის – ლევან ბატონიშვილის მიერ, მაგრამ ლევანის გარდაცვალების შემდეგ ეს საქმეც ვერ მივიდა ბოლომდე.

ამიტომაც, ერეკლე ფიქრობდა, რომ რუსეთი დაიცავდა არამხოლოდ ოსმალეთისგან და ირანისგან, არამედ ჩრდილოეთ კავკასიიდანაც, მაგრამ ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ, ომარ ხანის შემოსევა იყო და კახეთის სოფლების დაწიოკებაც.

ერეკლე ძალიან იმედგაცრუებული იყო რუსებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ტოტლებენზე, რომელიც 1770 წელს შემოვიდა.

პირველად რუსული ჯარი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 1770 წელს, როდესაც რუსეთ-თურქეთის ომი მიდიოდა. აი, „ქართული ოცნება“ რომ იგონებს, მეორე ფრონტის გახსნას გვაიძულებენო, იმ დროს რუსეთის მიზანი რეალურად ეგ იყო: ერეკლეს მეორე ფრონტი გაეხსნა თურქებისთვის. ამის სანაცვლოდ ერეკლეს არაფერს არ პირდებოდნენ.

რუსების მიზანი იყო, რომ თურქების ძალების ნაწილი თავისკენ მოეზიდა ერეკლეს, ძირითადი ფრონტი კი, იყო ბალკანეთი… ამ დროს ერეკლეს ინტერესი იყო სამცხე-საათაბაგოს შემოერთება – ახალციხის საფაშო. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში და ოსმალურ ადმინისტრაციაში ეს იყო ჩილდირის ვილაიეთი, რომელიც ისტორიული საქართველოს ტერიტორიაა და ამიტომ ტოტლებენთან ერთად ერეკლე გადავიდა სამცხე-საათაბაგოში, მიადგა აწყურის ციხეს. დღეს აწყურის ციხე საქართველოს შემადგენლობაშია, რასაკვირველია, მაგრამ მაშინ ოსმალეთის იყო და წართმევა უნდოდა ოსმალებისთვის.

ერეკლე მიატოვა ტოტლებენმა. მერე ასპინძაში ოსმალების წინააღმდეგ მარტოს მოუწია ერეკლეს ბრძოლა, რომელშიც გაიმარჯვა, მაგრამ ამ ბრძოლას ფასი დაეკარგა იმის გამო, რომ ტოტლებენი წავიდა და დაიწყო ქართული ციხე-ქალაქების დაკავება ერეკლეს ზურგს უკან, ესე იგი, თავადების და მოსახლეობის დაფიცება რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე.

ტოტლებენმა საქართველოს ანექსია დაიწყო ფაქტობრივად და ერეკლეს მოუწია ასპინძის გამარჯვების ფაქტობრივად წყალში ჩაყრა, მობრუნება იმისთვის, რომ გენერალი ტოტლებენი გაენეიტრალებია, რომელიც ვითომ მის დასახმარებლად იყო გამოგზავნილი. მას პრობლემის მეტი ერეკლესთვის არაფერი შეუქმნია.

იმდროინდელი ქართლ-კახეთი ძალიან დაღლილია ოსმალობით და ყიზილბაშობით. საუკუნეები გრძელდებოდა ეს ამბავი და აი, ოღონდ მოვიდეს ვინმე და ოღონდ ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო იყოს და ბევრ რამეზე ერეკლე თვალს ხუჭავს.

რეალობაში, რუსებმა ერეკლეს, ფაქტობრივად, ცუდის მეტი არაფერი არ გაუკეთეს.

  • თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა „ოცნებას“ ისტორიის კიდევ ერთხელ მანიპულირება ერეკლე მეფეზე აქცენტირებით, რა პოლიტიკური გზავნილი შექმნეს ამით?

ეს არის ძირითადად საგარეო მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი, ეს არის რუსეთის ფეხ-ქვეშ გაგების კიდევ ერთი მცდელობა.

ეს არის ასევე შიდა მოხმარებისთვის, ანუ ერეკლეს ავტორიტეტის დახმარებით – რომელიც ამ მეფეს ძალიან დიდი აქვს – პრორუსული ორიენტაციის რეაბილიტაცია საქართველოში.

პრორუსული ფლანგი საქართველოში 10-20%-ის ფარგლებში ყოველთვის იყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ბოლო 224 წელია რუსეთი არის მთავარი მჩაგვრელი – მთავარი საფრთხე ამ ქვეყნისთვის, საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ასიათასობით ქართველი არის დევნილი.

ამიტომაც, ამ ხალხს დააჯერო ის, რომ რუსეთი კარგია – გარდა იმ 10-20 %-ისა – შეუძლებელია. რუსეთის იმიჯის გაკეთილშობილება შეუძლებელია,

ესენი ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტაციას და იმის თქმას, რომ არა, რუსეთი კი არ არის მარტო ცუდი, არამედ დასავლეთიც ცუდია, შეიძლება დასავლეთი უარესია. აი, ამის გატანას ცდილობენ… სუვერენულები კი არა, გაყიდულები და რუსეთის ფეხ-ქვეშ არიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights