„პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალა ხელისუფლებას“ – ამ სიტყვებით მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ საკვირაო ქადაგებაზე.
სასულიერო პირმა მკაცრად გააკრიტიკა როგორც “ოცნების” ხელისუფლების ძალადობრივი მოქმედებები, ისე საზოგადოების დუმილი. მისი თქმით, მღვდელი, რომელიც დუმილს ამჯობინებს სიმართლის თქმას, საკუთარ ტალანტს მარხავს და ღმერთის თვალში „ბოროტ მონად“ იქცევა.
შიო კვარაცხელიამ 2012 წლის პროტესტები დღევანდელ სიტუაციას შეადარა და აღნიშნა, რომ მაშინდელი ძალადობის წინააღმდეგ ასობით მოქალაქე ხმას იღებდა, მაშინ, როდესაც დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ჩუმადაა. მისი შეფასებით, ეს სწორედ პასიური მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, რადგან მათი დუმილი „ნაძირალა ხელისუფლებას“ აძლიერებს.
არქიმანდრიტმა ყურადღება გაამახვილა ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზეაც და განაცხადა, რომ ქვეყანაში როგორც პოლიტიკურ სივრცეში, ისე ეკლესიაშიც „მგლების ხროვაა შემოსეული“.
სასულიერო პირი, რომელიც მარხავს თავის ტალანტს, ეს არის ბოროტი სასულიერო პირი. სასულიერო პირს ყველაზე მეტად ევალება სიმართლის თქმა და სიმართლის მიწოდება ხალხისთვის და არა დადუმება. მდუმარება, მაშინ, როდესაც სიმართლის თქმა არის საჭირო და ამ დროს სასულიერო პირი დუმს, ეს სასულიერო პირი არის, რომელიც მარხავს ტალანტს და რომელსაც ღმერთი “ბოროტ მონას” უწოდებს.
ჩვენ კარგად გვახსოვს 2012-ში როგორ ყველა აღშფოთებული იყო იმ მოვლენებით, ძალადობით, რაც მაშინ ხდებოდა, მაგრამ დღეს, რატომრაც იმ ხახს ვერ ვხედავ აღშფოთებულს იმ ძალადობაზე, რასაც დღევანდელი ხელისუფლება სჩადის. რატომ? მაშინდელი ხელჯოხი რეზინის იყო და დღევანდელი ბულბულის არის? დღეს დალეწილ ახალგაზრდებს არ სტკივათ?
არის ასეთი ნათქვამი, ერთ-ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი: “პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალა ხელისუფლებას”. ასე რომ, ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ასეთი ნაძირალა ხელისუფლება, ეს გარკვეულწილად, იმ მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, ვინც პასიურად არის. დღეს არ შეიძლება, ვიყოთ პასიურები, იმიტომ, რომ ჩვენს სამშობლოს დღეს თითოეული ჩვენგანი სჭირდება.
დღეს, როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე ეკლესიას, შემოესია მგლების ხროვა. როცა ივანიშვილი მოვიდა, მაშინ თქვა, რომ “ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პატრიარქის კრიტიკაო”. ეს იყო ეკლესიაზე თავდასხმა. ასევე ყველას კარგად გახსოვთ ის კრეფსები, ჩანაწერები, სადაც უსმენდნენ ყველა მოქალაქეს და განსაკუთრები სამღვდელოებას და რა ჰქვია ამას, თუ არა ეკლესიაზე თავდასხმა?, – თქვა ქადაგებისას არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ.