როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბრალდებულებმა — 2023 წელს ა.ბ.-მ და ბ.ბ-მ შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა — დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
ამასთან, გამოძიების ცნობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში — სამი სკოლა. ამ შემთხვევაშიც არცერთი სკოლა აშენებული არ არის.
გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 94 444 427 ლარს შეადგენდა.
„სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დაგეგმეს, დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში, ე.წ. თეთრ სიაში, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას, ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს. თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი, 1 211 000 ლარი, ფიქციური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირებზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, — აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით.
ცნობისთვის, „ლაგი კაპიტალი“ წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძის, ყოფილ ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა და 2023 წელს მოიგო 20-მილიონიანი ტენდერი შიდა ქართლში 4 სკოლის შენობების პროექტირება/მშენებლობაზე. შარშან ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან და „ლაგი კაპიტალი“ ძმებ ალეკო და ბესო ბერძენიშვილებს მიჰყიდეს.