გურიის მოამბე

ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ გაჩუმების სანაცვლოდ მის მიმართ ჯერ მოსყიდვის მცდელობები, შემდეგ კი მუქარები იყო

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მოსყიდვასა და მუქარებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოდან წავიდა, არაერთი მცდელობა ჰქონდათ, მისთვის კარგი თანამდებობა, ან სასამართლოში უკან დაბრუნება შეეთავაზებინათ.

ალავიძე იხსენებს ყველა იმ შეხვედრას, რომელიც 2022 წელს მისი ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვას მოჰყვა და ამბობს, რომ გაჩუმების სანაცვლოდ რამდენიმი შეთავაზება მიიღო, მას შემდეგ კი, როცა შეთავაზებაზე უარი თქვა, საქმეში სუს-ი ჩაერთო და მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს.

როგორც ალავიძე გადაცემა “რეაქციაში“ ამბობს, მათ კარგად იცოდნენ, რომ რაღაც ჩანაწერი არსებობდა და სწორედ ამ ჩანაწერის მიღებას და გაჩუმებას სთხოვდნენ.

მოსამართლეობიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემს მიმართ მუქარები და შემოთავაზებები არ გაჩერებულა. 2022 წლის ზაფხულში, ბიძინა ივანიშვილისადმი საჯარო მიმართვა გავაკეთე და მოვუწოდე, რომ კლანი გაუშვას სახლში, დაახლოებით 1 კვირის ვადაში დამიკავშირდა მისი ბანკის დირექტორი, ზურაბ გედენიძე, შემხვდა. არ უხსენებია ივანიშვილი, მაგრამ „ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი სხვანაირად არ შემხვდებოდა, მან შემომთავაზა გარკვეული თანამდებობები, მაგალითად თბილისის სატრანსპორტი კომპანიის ხელმძღვანელის პოზიცია, თან ამიხსნა, რომ შემეძლო სახლში ვყოფილიყავი და ხელფასს მომიტანდნენ სახლში, ანუ გაჩუმების სანაცვლოდ მოსყიდვის მცდელობები იყო. სუს-ის თანამშრომლები სასამართლოდან წამოსვლის შემდეგაც მაკითხავდნენ, მათ იცოდნენ რომ ჩანაწერი არსებობდა, ითხოვდნენ, რომ მეთქვა და იყო მათი მხრიდან შემოთავაზება თანხისაც, ისევ სასამართლოში დაბრუნებისაც. სასამართლოდან წამოსვლის შემდეგ შემხვდა ვალერი ცერცვაძე, მან მომთხოვა გაჩუმება და ამიკრძალა ჟურნალისტებთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმის, რომ მოსამართლე აღარ ვიყავი და სრული უფლება მქონდა ვისაც მინდოდა შევხვედროდი, მითხრა, დამეხმარებოდა სასამართლოში დაბრუნებაში, თუ მე ჩუმად ვიქნებოდი. ასევე შემხვდა სუს-ის თანამშრომელი და მითხრა, რომ შენი სურათებით დადიან სუს-ში და გირჩევთ, ჩუმად იყავი, შეიძლება ციხეში დაასრულოო. ეს არ შეწყვეტილა. ჩემი ოჯახის წევრის ნათესავთან რაიონში ჩავიდნენ და მეზობლებისგან ითხოვდნენ ინფორმაციას ჩემზე და ა.შ – ამბობს ალავიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights