„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი. ასე საჯაროდ დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა, ისეთი ზეწოლის და სტრესის ქვეშ ვიყავი“, – ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე.
ექს-მოსამართლის ვიდეო ჩანაწერს იურისტი კახა წიქარიშვილი აქვეყნებს. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ ჰყვება, მათ შორის, „რუსთავი 2-ის საქმე“, მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის… მოსამართლე ამბობს, რომ ამ და სხვა საქმეების გამო მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა, კოლეგიის სხვა მოსამართლეებთან ერთად სამუშაო კაბინეტშიც ჩაკეტეს და უმიზეზოდ ქირურგიული ოპერაციაც ჩაატარებინეს.
მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობდნენ ქრთამს, მაგალითად, „რუსთავი 2-ის საქმეზე“ და მიუღია მუქარაც. „რუსთავი 2-ის საქმეზე“ მუქარის კუთხით ექს-მოსამართლე მედიასთან წინა წლებშიც საუბრობდა.
ვიდეო ჩანაწერი, რაც დღეს, 2025 წლის 2 ოქტომბერს იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაასაჯაროვა, 3 წლის წინ არის ჩაწერილი. წიქარიშვილის თქმით, მან ამ ვიდეოს გასაჯაროების გადაწყვეტილება ბესარიონ ალავიძესთან შეთანხმებით მას შემდეგ მიიღო, როცა ყოფილმა მოსამართლემ საქართველო დატოვა.
„ვინც იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც არჩევნების წინ, ოკ. შეიძლებოდა მერეც მექნა, მაგრამ მე მგონია, ახლა არის დრო, როცა ყველა სიმართლემ უნდა იყვიროს“, – წერს ფეისბუქში კახა წიქარიშვილი.
ფეისბუქში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე თავდაპირველად აღწერს „მეტალურგიული ქარხნის საქმის“ გამო, 2014 წელს, პირველად როგორ გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამიზნე.
ამ წელს სასამართლო კლანი ჯერ კიდევ ლაგდებოდა ახალ ხელისუფლებასთანო, დასძენს ექს-მოსამართლე.
„ვასილ როინიშვილმა მითხრა ამ საქმეზე, დასატოვებელი არის ძალაშიო. ვუთხარი, რომ სანამ არ ვნახავ საქმეს, ვერაფერს ვერ დავტოვებთ ძალაში-თქო, პრობლემები ჰქონდა ამ საქმეს სერიოზული…
როინიშვილი ამბობდა, რომ პატარკაციშვილის ოჯახის სასარგებლოდ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მეორე მხარეს იყო ჯოზეფ ქეი. კუბლაშვილი [კოტე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე] კი ამბობდა, რომ უნდა შეგვეცვალა გადაწყვეტილება, იქნებ რაღაც შევცვალოთო. ვასილ როინიშვილს კი, ჰქონდა ცალსახა პოზიცია,“ – ამბობს ექს-მოსამართლე.
ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. იმ პერიოდში კი, რომელზეც ბესარიონ ალავიძე საუბრობს, ვასილ როინიშვილიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. მანამდე ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორიც იყო, როცა აჭარაში სერჟანტი შავაძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს, პროკურატურამ კი, ეს საქმე გააყალბა.
მას შემდეგ, რაც ვასილ როინიშვილისთვის ბესარიონ ალავიძეს არ მოუსმენია, მოსამართლეს ვალერი ცერცვაძე ურეკავს. ვალერი ცერცვაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა.
„…დამიბარეს ჩინჩალაძის კაბინეტში, ჩინჩალაძე ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე იყო და საერთო სამოქალაქო საქმესთან წესით არანაირი შეხება არ უნდა ჰქონოდა – არაფერ შუაშია იყო. იქვე დამხვდა მურუსიძე და ვალერი ცერცვაძე. 2014 წელი იყო დაახლოებით… მოკლედ მითხრეს, რომ რაღაც შენ კოტეს [კოტე კუბლაშვილი] ემორჩილები მგონიო და კოტეს აგინეს,“ – ჰყვება ექს-მოსამართლე.
ბესარიონ ალავიძის თქმით, კაბინეტში საუბარმა რომ არ გაჭრა, საქმის განმხილველი მოსამართლე კლანის მეთაურმა მოსამართლეებმა უკვე რესტორანში დაიბარეს.
„ამ კაფეში იყო მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და თუ არ ვცდები როინიშვილიც. ეს იყო სუფთა ქურდული, ქუჩური გარჩევა,“ – ამბობს ბესარიონ ალავიძე და აღწერს, რომ ამ ეტაპზე მას უთხრეს, როგორი პრობლემები შეექმნება, სამსახურს დაკარგავს და „ფულის აღებასაც“ დააბრალებენ.
ექს-მოსამართლის თქმით, ის შიშობდა, რომ საფრთხე მისი ოჯახის წევრებსაც ელოდა.
„სიცოცხლეს დავასრულებ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებ, რაც მისაღებია-მეთქი“, – ბესარიონ ალავიძე კაფეში კიდევ ერთ შეხვედრასაც აღწერს, როცა მას ერთი ერთზე ვალერი ცერცვაძე ხვდება. ამ შემთხვევის შემდეგ აქვს მოსამართლეს სუიციდის მცდელობა, მაგრამ უზენაესი სასამართლოს შენობაში მოულოდნელად, დილის 5 საათზე ლევან მურუსიძე მიდის.
მურუსიძესთან მოსამართლე თანხმდება, რომ საქმეს აღარ განიხილავს „საქმეთა სიმრავლის გამო“, სასამართლო კლანის კიდევ ერთი აქტიური ლიდერი – ვალერი ცერცვაძე კი, „შეთავაზებით“ მიმართავს:
„ვალერი ცერცვაძემ მითხრა თვითდაზიანება გაიკეთე, ან ჩვენ დაგაზიანებთო, ხელი მოიტეხე, ან ფეხიო…“, – ამბობს ბესარიონ ალავიძე და იმასაც აღწერს, როგორ გაურიგდა თავისი თანაშემწის დახმარებით ექიმს და ქირურგიული ოპერაციაც სურამში ხელოვნურად გაუკეთეს.
საბოლოოდ, ეს საქმე სხვა მოსამართლეებმა განიხილეს, მათ შორის, ვასილ როინიშვილის და ლევან მურუსიძის მონაწილეობით.
ექს-მოსამართლე რუსთავი 2-ის საქმეზე: „ივანიშვილიც არ ელოდა ამ შედეგს“
„რუსთავი 2-ის სახელისუფლებო გახდება და მერე დალაგდება სიტუაციაო, ასე მითხრეს თავდაპირველად,“ – ამბობს ექს-მოსამართლე ბესარიონ ალავიძე.
„რუსთავი 2-ის საქმის“ განმხილველი კოლეგიის სამივე მოსამართლე: ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე კაბინეტში ღამის პირველამდე გამოუკეტიათ.
სათათბიროდ შეკრებილ მოსამართლეებს მობილური ტელეფონიც არ შეუტანიათ კაბინეტში, სუსმა არ მოგვისმინოსო, შემდეგ კი, მოსამართლეებს უფიქრიათ, ფანჯრიდან ხომ არ ჩავძვრეთ და პირდაპირ ტელევიზიაში მივიდეთო.
„აბა, თქვენ რას აპირებთ ამ საქმეზეო – ჩინჩალაძის თანაშემწე, ბოლქვაძე მოვიდა მანამდე სალაპარაკოდ,“ – ამბობს ბესარიონ ალავიძე. ექს-მოსამართლის თქმით, კოლეგიას საქმის განხილვის თარიღის ჩანიშვნის საშუალება არ მისცეს და ამას ხელს უწყობდა უზენაესი სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძეც.
კოლეგიის მოსამართლეები შეთანხმდნენ, რომ ამ საქმეს ბევრი სამართლებრივი პრობლემა ჰქონდა და საუკეთესო გადაწყვეტილება საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება იყო.
„შემოვარდა მზია [მოსამართლე მზია თოდუა], ცუდად ვარო, თუ გინდათ გადავრჩეთ ყველა, დიდ პალატას უნდა გადაეცეს ეს საქმეო… ამ დროს ჩაგვკეტეს ოთახში, დიდ პალატას თუ არ გადასცემთ საქმეს, ვერ წახვალთ სახლშიო,“ – ჰყვება ბესარიონ ალავიძე.
მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2-ის საქმე“ დიდ პალატას გადაეცა, „ოცნების“ მთავრობას თითოეული მოსამართლის დაშინება და მოქრთამვა ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე უცდია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა:
„როინიშვილი ისედაც მხარს უჭერდა, ნინო გვენეტაძე ამბობდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას დავკარგავო…“, – ჰყვება ბესარიონ ალავიძე. მისი თქმით, მას სუსისგან მიგზავნილმა ახლობელმა ბანკის ბარათი შესთავაზა: თანხა შენ თვითონ დაასახელე, რამდენი გინდა, გარდა ამისა, VIP გასასვლელით, ოჯახის წევრებთან ერთად წახვალ საზღვარგარეთ და როცა დამშვიდდება სიტუაცია, მერე დაბრუნდებიო…
საერთოდ არ უნდოდათ დაწერილიყო განსხვავებული აზრი, რადგან ამ შემთხვევაში სტრასბურგს შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება მიეღო,“ – ამბობს ექს-მოსამართლე და დასძენს, რომ მას შეთავაზებული ქრთამი არ აუღია.
ბესარიონ ალავიძის თქმით, როგორც მას სხვა მოსამართლეებმა პირად საუბრებში უთხრეს, „რუსთავი 2-ის საქმეზე“ ამ შედეგს ბიძინა ივანიშვილიც არ ელოდა.
„ეს ადამიანები, ვისაც თქვენ კლანს ეძახით, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ისეთ სიღრმეში და დანაშაულებში არიან ჩაფლული,“ – აღნიშნა ბესარიონ ალავიძემ.
კახაბერ წიქარიშვილის თქმით, ბესარიონ ალავიძის საუბრის ამსახველი ვიდეო უკვე გადაუგზავნა პროკურატურას.