ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს და ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. „ოცნების“ ლიდერების განცხადებით, არა მარტო აკრძალავენ მათთვის მიუღებელ პარტიებს, არამედ საქმიანობას აუკრძალავენ ყველა იმ პირს, ვინც „ოცნების“ აზრით, „სრულ თანხვედრაში იყო“ რომელიმე აკრძალული პარტიის მიზანთან.
რაზე მეტყველებს საქართველოში ოპოზიციის დაანონსებული აკრძალვა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელსა და განათლების ექსპერტს.
- ბატონო სიმონ, „ქართული ოცნება“ აპირებს ფაქტობრივად უუფლებოდ დატოვოს ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთვისაც მიუღებელია მათი პოლიტიკა. რას აკანონებენ სინამდვილეში ამ დაანონსებული ცვლილებებით?
„ქართულ ოცნებას“ უკვე რამდენიმე წელია, ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა აქვს, რადგან ვერ არწმუნებს ხალხს, რომ ისინი შეძლებენ ამ საზოგადოების პრობლემების გადაჭრას, გარდა რაღაც საბაზისო საჭიროებების მოგვარებისა. ასევე, ვერ აგვარებენ იმას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ის გზები, რომელიც მათ აირჩიეს, არ არის თანხვედრაში ევროკავშირის ღირებულებებთან.
ამიტომ, ვინც კი ხელს უშლის მათ, იქნება ეს შიდა ძალები, ევროპელი ლიდერები თუ სხვა, ყველა უნდა გამოაცხადოს მტრად. გამოიგონეს რაღაც არარსებული ორგანიზაციები, – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“ და ასე შემდეგ, რომ ამის შიგნით ყველას ეძახონ მტერი.
ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენონ საბაბად, რადგან მასაც ჰქონდა გარკვეული დანაშაულები ჩადენილი და აკრძალონ ყველა პარტია, რომელიც მათ ხელს უშლის ძალაუფლების შენარჩუნებაში. ყველა მოიშორონ და გაანეიტრალონ.
- „ნაციონალურ მოძრაობას“ ამჟამად „ოცნების“ ძალიან ბევრი დეპუტატი თუ მაღალჩინოსანი წარმოადგენდა წლების წინ. რა სახელი შეიძლება დავარქვათ ამას?
მე მგონი, საზოგადოება მშვენივრად ხვდება იმას, რომ რეალურად ეს არის რაღაც ფასადი და სინამდვილეში ხდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის შეცვლა. საქართველოს კონსტიტუციური წყობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ როგორც გაერთიანების უფლება, ისე საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, პოლიტიკური მონაწილეობის უფლება პარტიების გამოყენებით.
ამიტომ, თუ პარტიების აკრძალვა და ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოხდება, მაშინ რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ არა იმაზე, რომ კონკრეტული პარტია იკრძალება, არამედ იმაზე, რომ როგორი სახელმწიფო იქნება საქართველო? იქნება კი დემოკრატიული რესპუბლიკა? თუ იქნება რაღაც ავტორიტარული ქვეყანა, სადაც ერთი კონკრეტული პარტია წყვეტს, რომელი პარტიები იქნება დაშვებული და რომელი არა, რომელი ჩაითვლება რადიკალურად და რომელი – დემოკრატად.
ანუ საზოგადოება კი არ გადაწყვეტს დემოკრატიულია თუ არა რომელიმე პარტია, არამედ სახელმწიფო და კერძოდ ის კონკრეტული პარტია, რომელიც მმართველობაშია.
- გამოდის ხალხს საერთოდ უუქმებენ ხმას?
არა მარტო ხმას, ბევრ რამეს უუქმებენ. მათ შორის გაერთიანების უფლებას, რომლის უფლებაც დღეს ხალხს აქვს კონსტიტუციით. ხალხს აქვს უფლება შექმნან ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები – ეს არის თავისუფალი საზოგადოების საფუძველი და ეს არის მოქალაქეობის ნაწილის გაუქმებაც, სინამდვილეში.
ანუ, მე მინდა რაღაც პარტიაში გავერთიანდე და ხელისუფლება ამბობს, რომ არა. ჩვენ გადავწყვიტეთ, იარსებებს თუ არა ასეთი პარტია.
ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, რადგან პოლიტიკური პარტიები არის ინსტრუმენტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამოხატვის. თუ მე მინდა რაღაც შეიცვალოს სახელმწიფოში, გარდა იმისა, რომ შემიძლია ეს პირადად ვთქვა, შეიძლება ეს გააკეთოს ჩემს მიერ ორგანიზებულმა ან ჩემს მიერ მანდატმიცემულმა ჯგუფმა ჩემი სახელით. ამ კანონით კი, მე, როგორც მოქალაქეს, მიკრძალავენ გამოხატვის უფლებას პარტიების გზით.
ასევე, პოლიტიკურ მონაწილეობას მიკრძალავ, ანუ მართმევ უფლებას, რომ ჩავერთო პოლიტიკურ პროცესში იმით, რომ ავირჩიო ჩემი წარმომადგენლები ან მე თვითონ ვიყო არჩეული რომელიღაც წარმომადგენლობით ორგანოში.
მეუბნები, რომ ან მე შემომიერთდი და ჩემს პარტიაში შემოდი, ან იმ პარტიაში შედი, ვისაც მე ვაღიარებ ლეგიტიმურად. ეს არის ავტორიტარული სისტემა.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა მოხდა მერე, იყოს ერთი პარტია, ოღონდ იყოს კარგი პარტია, გააკეთოს რაღაც. მაგრამ პრობლემაა ის, რომ რაც უფრო ცოტაა პოლიტიკური პარტიების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია პოლიტიკური დებატები. აღარ არსებობს პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი, არ ხდება ან ვიწროვდება ხელისუფლების კრიტიკა და ასეთ გარემოში რაღაც ჯგუფური აზროვნება ყალიბდება, სადაც არ არსებობს ალტერნატიული აზრი.
- ხელისუფლების კრიტიკის უფლება ერთმევა რეალურად ხალხს, არა?
ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რადგან როცა არსებობს ალტერნატიული პარტიები, მაშინ უფრო მეტად ანგარიშვალდებულია ხელისუფლება საზოგადოების წინაშე. იცის, რომ თუ არ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას, მაშინ შეიძლება ეს გააკეთოს სხვამ, რომელსაც აირჩევს საზოგადოება. და თუ ეს სხვები გაუქმებულია, მაშინ არჩევანიც არ არსებობს.
აღარ არსებობს ხელისუფლების შემაკავებელი ძალა, რაც იწვევს საზოგადოების უკონტროლო ძარცვას, ან გადადის ძალადობაზე და აღარ არსებობს ისეთი პოლიტიკური წარმომადგენელი, რომელსაც მიმართავ შენი უფლებების დაცვისთვის, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა გავიწროებს.
ასეთ მოცემულობაში ხელისუფლება იმდენად ირყვნება, რომ შესაძლებლობა აქვს აკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ასეთი რეჟიმები იწვევს არასტაბილურობას და პოლიტიკური მოძრაობები გადადის იატაკქვეშეთში, რაც იწვევს წინააღმდეგობის გაჩენას, არეულობას, რევოლუციებს და ასე შემდეგ.
სინამდვილეში, შეიძლება აქეთკენ უბიძგოს ხელისუფლებამ ხალხს, პარტიების აკრძალვით.
თუ ხელისუფლება პროდასავლური პარტიების უმეტესობას აკრძალავს, მაშინ დასავლეთისკენ სწრაფვა გახდება იატაკქვეშა საქმიანობა.
,,ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი არ არის საქართველო იქნება თუ არა დემოკრატიული. ეს გადაწყვიტეს საქართველოს მოქალაქეებმა მაშინ, როდესაც დავაფუძნეთ დამოუკიდებელი საქართველო. მაშინ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ეს სახელმწიფო უნდა იყოს დემოკრატიული და დემოკრატია გულისხმობს იმასაც, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოქალაქეს.
ამიტომ, კობახიძე რას იტყვის ან რას გააკეთებს, ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და რაც უფრო მეტ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო ეჭვქვეშ დადგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ლეგიტიმურობა. საკუთარ მომხრეებშიც კი უკვე ჩნდება ეჭვი, რომ ისინი არალეგიტიმურები არიან და არაფერი დემოკრატიასთან საერთო არ აქვს მათ გადაწყვეტილებებს.