ოცნების“ მთავრობის 10 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] მთელ რიგ თანამდებობებზე ხელფასები პირველი ოქტომბრიდან ისევ გაიზარდა. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც. სუს-ში ხელფასები და წოდებრივი სარგოები ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ, 2025 წლის ივლისში დაადგინეს.
ივლისის დადგენილებით, მაგალითად, სუს-ის ადმინისტრაციის [დეპარტამენტის] უფროსის თანამდებობრივი სარგო იყო 9 590 ლარი, ოქტომბრის დადგენილებით კი – 10 550 ლარი [ანუ 960 ლარით მეტი] იქნება.
სუს-ის იურიდიული მთავარი სამმართველოს [წოდების მქონე] უფროსის ხელფასი 6 795 ლარის ნაცვლად იქნება 7 475 ლარი; გენერალური ინსპექციის უფროსის ხელფასიც იქნება 10 550 ლარი, 9 590-ის ნაცვლად; სამსახურის უფროსის ხელფასი 4 145 ლარით განისაზღვრა [იყო 3 765 ლარი]; სპეციალისტის – 2 115 ლარი იქნება [იყო 1 920 ლარი] და ა.შ.
2025 წლის სექტემბერში, სუსში შეიქმნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის [წოდების მქონე] უფროსის ხელფასი 9 590 ლარით განისაზღვრა. ოქტომბრის დადგენილებით კი, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის ხელფასიც გაიზარდა და 10 550 ლარი იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ სუს-ის უფროსის ხელფასს [თანამდებობრივ სარგოს], ის ოქტომბრის დადგენილებით არ შეცვლილა, თუმცა შარშანდელთან შედარებით 1 235 ლარით არის გაზრდილი და 13 580 ლარია – წოდების მქონე მოსამსახურისთვის [წოდების არმქონე უფროსის ხელფასი კი 12 410 ლარითაა განსაზღვრული].