გურიის მოამბე

საქართველოში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებს – სტატისტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში მოსახლეობის რაოდენობა, უკვე წლებია, ყოველთვიურად იზრდება. ბოლო, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 2%-ით გაიზარდა, ამასთან, 2.7%-ით მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს.

უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით შემწეობას ჯამში 710 226 ადამიანი იღებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 696 359-ს შეადგენდა.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით 1 309 303-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2025 წლის იანვარში კი ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 275 118-ს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ხოლო ყოველი მე-5 საარსებო შემწეობას იღებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights