ფონდი „ქართული გალობა“ – ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტს, საზეიმოდ, 2 ნოემბერს, ოზურგეთში გახსნის.ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს;
ცენტრის ინფორმაციით, ბიუსტის გახსნის შემდგომ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ტარდება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდამჭერით.
ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.
ღონისძიებების პროგრამა:
2 ნოემბერი
15:00 საათი – ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის საზეიმო გახსნა ჭადრების პარკში.
16:00 საათი – ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
კონცერტში მონაწილეობენ ანსამბლები:
„რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, „დიდგორი“, „შემოქმედი“, „მართვე“, ტრისტან სიხარულიძე, ფოლკლორის ცენტრის გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლა
ანზორ ერქომაიშვილი (1940–2021) იყო ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ლოტბარი, ფოლკლორისტი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გადარჩენასა და პოპულარიზაციაში.








