“1924 წელს მოკლეს ბენია ჩხიკვიშვილი – ჯერ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს”

გია ჯაფარიძე; პოლიტიკოსი;
ილია ჭავჭავაძის დისშვილი, გენერალი კოტე აფხაზი, 1923 წელს დახვრიტა რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით. ქაქუცა ჩოლოყაშვილს რუსები ბანდიტად მიიჩნევდნენ. კოტე აფხაზს ქაქუცასთან კავშირის გამო ბანდიტიზმიც ბრალდებოდა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველამ გაიგო, რომ კოტე აფხაზი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯაშუშები და ბანდიტები კი არა, საქართველოს სახელმწიფოზე – სახელმწიფოზე და არა უბრალოდ სამშობლოზე – სიკვდილამდე შეყვარებული პატრიოტები იყვნენ.
1924 წელს მოკლეს ბენია ჩხიკვიშვილი, მოკლეს ნოე ხომერიკი, საქართველოს გასათავისუფლებლად საქართველოში დაბრუნებული ადამიანები. იმავე წელს მოკლეს უამრავი, სისხლის გუბეები იდგა მთელ საქართველოში. ბენია ჩხიკვიშვილს, გოგიტა ფაღავას, ნოე ხომერიკს სამშობლოს ღალატი და ჯაშუშობა დააბრალა რუსეთმა. ღალატი და ჯაშუშობა – ეს იყო ბრალდებები. ყველას ამ ბრალდებით ჩამოუარეს, ვინც მაშინ დაგვიხოცეს რუსებმა.
მიხეილ ჯავახიშვილი, პეტრე ოცხელი, ტიციან ტაბიძე და სხვები კიდევ დახოცეს უფრო გვიან, 1937 წელს. იგივე ბრალდებები ჰქონდათ – ჯაშუშობა და სამშობლოს ღალატი.
დღეს ყველამ იცის, რომ 1923 წელს, 1924 წელს, 1937 წელს, მერე და მანამდეც, რუსების მიერ დახოცილი ხალხი საქართველოს იცავდა. მათი სახელები ქუჩებს ჰქვია, კუპიურებზე გადატანილი, საქართველოს სახელმწიფოს იდეის მორალური ღერძის ნაწილია. ბევრმა, ტოტალიტარიზმის დამახინჯებული რეალობიდან გამოსულმა, სიმართლე დაინახა გვიან. პროპაგანდისტული მანქანა რომ გაჩერდა, სიცრუის მტვერი რომ გაიფანტა, სიმართლე გამოჩნდა.
რუსებს და რუსეთის მსახურებს ეზიზღება კოტე აფხაზი, ბენია ჩხიკვიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი თუ სხვები. მხოლოდ რუსს არ უყვარს ეს ხალხი, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქის მორალურ ორიენტირებს წარმოადგენენ. რუსებს კიდევ ეზიზღებათ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, მისი არსებობის იდეაც კი დაუშვებელია მოსკოვისთვის.
დღეს რა ბინდი გადაგვეფარა თვალებზე, დღესაც ხომ იგივე ბრალდებით ციხეებში სხედან პოლიტიკოსები, მწერლები, არტისტები, ექიმები, სტუდენტები, აქტივისტები. დღესაც ხომ ღალატის, ჯაშუშობის და ბანდიტიზმის მუხლებით იჭერენ? თუ დღეს არ მიადგნენ ვინმეს, მიადგებიან ხვალ, როგორც მიადგნენ 1937 წელს მათ, ვინც 1924 წელს გადაურჩა
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights