ელგუჯა მამალაძე-განსაკუთრებული ადამიანი – უსაზღვრო სიყვარულით, სათნოებით, კაცთმოყვარებით, ერთგულებით ბოლომდე აღჭურვილი..

პირველად სიკვდილის შეუბრალებელი სახე ახლოდან მაშინ დავინახე, როცა ჩემი სტუდენტობის მეგობარი თამაზ ბაძაღუა დაიღუპა ავტოკატასტროფაში ცოლ-შვილთან ერთად..თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მოხდა ეს ტრაგედია და ნახევარი საუკუნეა , “ბაძას” ყოველი გახსენება ტკივილით გამიარს. ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე ბევრი ადამიანი დავკარგე, თანაკლასელი, თანაკურსელი, მეგობარი, მეზობელი, შორი თუ ახლო ნათესავი, არას ვამბობ, ოჯახის წევრებზე, ..ამ დღეებში კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიკვდილის სიმძიმე -წუთისოფლიდან წავიდა ერთი, გამორჩეულად უახლოესი და განსაკუთრებული ადამიანი ელგუჯა მამალაძე, უსაზღვრო სიყვარულით, სათნოებით, კაცთმოყვარებით, ერთგულებით ბოლომდე აღჭურვილი.. გულით მოკვდა, რადგან ამ ქვეყანაზე დააბიჯებდა შიშველი გულივით, რომელიც ძალიან დიდ და უშურველ სითბოს იტევდა…ელგუჯა იყო ყველაფერში შემხიდე, თანამდგომი ჭირშიც და ლხინშიც …რთულია იმის წარმოდგენა, რომ ეს ფეხზემოსიარულე სიკეთე, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე მეგობარი აღარ იქნება ჩვენს გვერდით….ამ სამგლოვიარო დღეებში უამრავი სამგლოვიარო ტექსტი გამოქვეყნდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი ზუგდიდელი მოსწავლეების სტატუსები, რომლებშიც მასწავლებლისადმი დიდი სივარული იყო გაცხადებული და რაც მთავარია, აქცენტირებული იყო ის თვისებები, რომლებიც გამოარჩევდა ელგუჯას და რომლებიც ასე ადექვატურად აისახა მისი ყოფილი და ამჟამინდელი მოსწავლეების დამოკიდებულებაში…გუშინ მივაცილეთ უკანასკნელ სამყოფელში…ელგუჯა შესანიშნავი ქორეოგრაფი იყო, მრავალი თაობის აღმზრდელი, ძირითადად ბავშვებთან მუშაობდა და მათთან ერთად შემოვლო გასტროლებით ნახევარ მსოფლიო…გადამკვდარი იყო თავის პროფესიაზე, დღე და ღამ შრომობდა საოცრად მიზანდასახული, სავარაუდოდ, ამ მძიმე შრომამაც გადაღალა მისი გული….
იმ სავალალო 28 სექტემბრის შემდეგ მისი სახე არ მინახავს, თვალს ვარიდებდი, რადგან მინდოდა ეს სახე ისე დარჩენილიყო ჩემს ხსოვნაში, როგორიც სიცოცხლეში იყო_ თბილი, ეშმაკურად მომღიმარი, სიყვარულისა და სიკეთის მფრქვეველი…..
წერს, თამაზ ხარაიშვილი…
ელგუჯა მამალაძე 1954 წლის 19 ივნისს დაიბადა, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში. პირველადი განათლება სიმონ გუგუნავას სახელობის ძიმითის საშუალო სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული მიმართულება წარმატებით დაასრულა.
მისი სახელი უკავშირდება ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მეგობრობას“, სადაც თამაზ ბეჟანიძესთან ერთად მუშაობდა.
1994 წელს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის, ნინელი ჭითანავას ინიციატივით, შეიქმნა ანსამბლი „იგრიკა“, რომლის ხელმძღვანელობაც ელგუჯა მამალაძეს მიანდეს.
ელგუჯა მამალაძე იყო ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებული, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პრემიის ლაურეატი.

ცეკვის ჯადოქარი, ბრწყინვალე ქორეოგრაფი, საოცარი პიროვნება და თავმდაბალი ადამიანი — ელგუჯა მამალაძე-ამ დღეებში გარდაიცვალა;

ინფორმაცია ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

“ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება ხელოვნებასა და მომავალ თაობას მიუძღვნა. მრავალი ბავშვის აღმზრდელი, არაერთი ახალგაზრდა მოცეკვავის მასწავლებელი და გზის გამკვალავი.

დიდი დანაკლისია მისი წასვლა ქართული ქორეოგრაფიისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა.

ნათელში იყოს მისი სული. როგორ მატკინე გული ელგუჯა,” – დაწერა ნინო მამფორიამ.

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights