ყველაფერი, რაც დღეს ხდება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება აშშ-ში 3 ნოემბრის არჩევნებს.ტრამპის სავარაუდო პოლიტიკური გაკოჭვა, ბუნებრივია, ანერვიულებს ყველა ავტორიტარს, მათ შორის, პირველ რიგში რუსეთს და მის სატელიტებს.
ამიტომ, ისინი ჩქარობენ, რათა 3 ნოემბრამდე მაქსიმალურად წინ წაიწიონ გავლენის სფეროების კონტროლის კუთხით, მათ შორის საქართველოში.
განცხადებები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან “სამშვიდობო ხელშეკრულებაზე”, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, რუსეთის ბაზარზე მომუშავე კომპანიების პრესინგი, ამ კონტექსტში უნდა იყოს მოაზრებული.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ პარტიების გაუქმების პროცესის ფორსირება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს უბრალოდ პარტიების გაუქმება კი არა, მთელი პრო-დასავლური ფლანგის ამოშანთვის მცდელობაა ლეგალური პოლიტიკური სივრციდან.
რუსეთს ესმის, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, ტრამპს აღარ ექნება იმის ფუფუნება, რომ პუტინს რევერანსები უკეთოს, რადგან ეს შესაძლოა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით დასრულდეს. ამიტომ უნდა შეეცადოს, რომ სადაც ჯერ კიდევ შეუძლია, რუსეთის გავლენის სფეროში ინტეგრაციას შეუქცევადი ხასიათი მისცეს.
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაზე კარგად საქართველოში გამოსდის…
კარგი კაცია ზაზა ბიბილაშვილი.
მეც ვადასტურებ, რომ სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში დაიბადა ქართული სახელმწიფო, დამყარდა ინსტიტუციური წესრიგი, სადაც ეს შესაძლებელი იყო აღდგა ხელისუფლების იურისდიქცია, განისაზღვრა ერთადერთი სწორი, დასავლური გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, საშუალო და დაბალ დონეზე პრაქტიკულად აღმოიფხვრა კორუფცია.
არ შეიძლება ამის არ დანახვა და დაუფასებლობა, რამდენიც არ უნდა ეცადოს მავანი ისტორიის გადაწერას და საკუთარ ინტერესებზე მორგებას.
სამწუხაროა, რომ ხელისუფალმა, 2007-2011 წლებში ირწმუნა რა საკუთარი შეუმცდარობის, მოირგო ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციის მანტია, დაიწყო დემოკრატიული ინსტიტუტების შევიწროება, “კეთილი მიზნებით” გამოაცხადა “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა, ძალაუფლების განმტკიცების მიზნით ნაწილობრივ დაარღვია თავისივე შექმნილი ინსტიტუციური წესრიგი, მოახდინა მედია-სივრცის ფაქტობრივი მონოპოლიზაცია, რითაც საბოლოო ჯამში თვითონვე მიიყენა მძიმე თვითდაზიანება და ფატალურად დაამთავრა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, არსებული ხელისუფლების ქმედებების ფონზე, ის ყველაფერი უვნებელ თამაშებად მეჩვენება და ძალიან ვწუხვარ, რომ არც თუ მცირე მონაწილეობა მივიღე სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორებაში.
ვაღიარებ ჩემს შეცდომას, თუ გნებავთ დანაშაულს, მაგრამ ისტორიის ასეთი მიმართულებით განვითარების მთავარ დამნაშავედ მაინც თვითონ სააკაშვილი მიმაჩნია, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო.
თუ გავყვებით მიმდინარე პროცესის ლოგიკას, კიდევ უფრო მძიმე სურათს დავინახავთ:
ქართული ოცნება პარტიების გაუქმების პროცესში ხშირად იყენებს უკრაინის და მოლდოვის მაგალითებს და მათ ფაქტიურად პრეცედენტის სტატუსს ანიჭებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ უკრაინაში პარტიების გაუქმება უკავშირდებოდა მტრის, აგრესორის, ოკუპანტის ინტერესების გატარებას. იგივე შეიძლება ითქვას მოლდოვაზე.
თუ ხელისუფლება ამ პრეცედენტის საფუძველზე მოქმედებს და ესეც არის, რადგან მათ რიტორიკაში ამ პარტიების მისამართით მუდმივად ისმის “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი”, გამოდის რომ ქართული ოცნება მტრად განიხილავს ევროპას და მთლიანად დასავლეთს.
ვითარებას აბსურდულობას მატებს ის, რომ მათივე მიღებულ კონსტიტუციაში არსებობს 78 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია დასავლური, ევროპული კურსი, ანუ მათივე გაგებით კოლაბორაციონალიზმი.
ჩამოყალიბდით ბატონებო – თუ კოლაბორაციონიზმი გაქვთ დაკანონებული, ეს დანაშაულია, ისევე როგორც დანაშაულია კონსტიტუციის დარღვევით მოქმედება, თუ განვითარების ვექტორის საბოტირებას ეწევით თქვენი მოქმედებებით








