პწკალა
.
პწკალას გურიაში კიბეს ეძახიან, ეს სიტყვა სავარაუდოდ უცხო ენებიდან უნდა იყოს შემოსული, ასე მაგალითად იგვეს კიბეს ნიშნავს: ბერძნული – „სკალიი“ (Σκαλί) და ლათინურ/იტალიური “სკალა“ (scalae/Scala). ამ ყველაფერში დასარწმუნებლად საყოველთაოდ ცნობილი ლა სკალაც (Teatro alla Scala სიტყვასიტყვით ნიშნავს „თეატრი კიბეზე“) საკმარისია.
.
“ადვილი სრულებითაც არ არის ნასესხებ სიტყვათა გამოყოფა, მეტადრე, თუ სიტყვა ძველად არის შეთვისებული. ასეთი სიტყვები იმდენად შეეგუებიან ხოლმე ახალ ენობრივ გარემოს, ისე იცვლიან ხშირად ფერს, რომ ისტორიული ძიების გარეშე მათი სადაურობის გარკვევა შეუძლებელია. ლათ. “სკალა” – “კიბე” ჭანურში მ-სქალა ფსკლა-ს სახით გვაქვს, გურულში კი მას “პწკალა”-ს სახე მიუღია, მართალ ქართულ სიტყვად გამოიყურება: – პ წ კ!..” (არნოლდ ჩიქობავა – შრომები 2008)
.
სერგი ჟღენტი თავის მონოგრაფიაში „ქართული ენის ფონეტიკა“ ამ სიტყვას შემდეგი სახით განმარტავს – „პწკალა-ს გურულში ყოველგვარ კიბეს არ ეძახიან. ორივე ეს სიტყვა (ანუ პკალა და კიბე) იხმარება სხვადასხვა მნიშვნელობით. პწკალა/ე-ი აღნიშნავს ორ პარალელურ (წყვილ) წვრილ და გრძელ გათლილ ხეს, შეერთებულს ერთმანეთთან ფეხების დასადგმელი ჯოხებით; მისადგმელია, კიბე გურულად არის პატარა მოგრძო ხე, რომელსაც ფეხების დასადგმელი აქვს ამოჭრილი (ან მიჭედებული). ესეც მისადგმელია. ზოგან პწკალა-ს ეძახიან აგრეთვე შენობის ზედა სართულზე ასასვლელ უძრავ კიბესაც.“
.
ელენე ახვლედიანი – ძველი სახლი გურიაში