მე ვარ ლევან ზაზაძე.
ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესი რომ გამიჩნდა, ძალიან პატარა ვიყავი. მაშინ ტექნიკა ასეთი განვითარებული არ იყო და ნათესავმა მაჩუქა ისეთი ფოტოაპარატი, ლენტზე რომ მუშაობდა. აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული ფოტოგრაფიის მიმართ. აქამდე, სანამ პროტესტი დაიწყებოდა, უფრო ლანდშაფტებს და ბიომრავალფეროვნებას ვიღებდი. პროფესიაც ხელს მიწყობს, ხშირად მიწევს გასვლა ისეთ ადგილებში, სადაც ლამაზი ლანდშაფტი და საინტერესო ბიომრავალფეროვნებაა. უცხო და იშვიათი სახეობების გადაღება მიტაცებს, უფრო ფრინველების გადაღება მიყვარს. თუმცა მას მერე, რაც პროტესტში ვარ ჩართული, ამ ყველაფერს ვეღარ ვაკეთებ და ვცდილობ, აქ გადავიღო საინტერესო კადრები.
რადგან ეს პროცესი უკვე დიდი ხანია გრძელდება, ხშირად ნაცნობი სახეები ხვდება ჩემს ობიექტივში. როდესაც სახლში მივდივარ, ვხედავ, რა გადავიღე – იქ არის ძალიან კარგი კადრებიც, ნაკლებად კარგიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს სიამოვნების განცდას მიტოვებს, ვიცი, წლების შემდეგ ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილი იქნება და ჩემი გადაღებული კადრიც შეიძლება ვიღაცისთვის სიამაყის მომტანი იყოს.თუმცა ხანდახან არის მომენტები, როცა არასასიამოვნო კადრების გადაღებაც გიწევს. მძიმე მომენტი ბევრი ყოფილა, თუმცა ყველაზე ცუდად 2 თებერვლის ვიდეოკადრები მახსენდება, როცა ,,თბილისი მოლთან’’ შეიკრიბა ხალხი და ე.წ. ,,ძალოვნები’’ სასტიკად გაუსწორდნენ ამ ადამიანებს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი და, რა თქმა უნდა, გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანდა გადამეტებული ძალის გამოყენების გამო ისევ სამართალდამცველების მხრიდან. როდესაც ასეთ მომენტებს აღბეჭდავ, თითქოს უსუსურობის განცდა გიჩნდება – რაღაცას რომ იღებ, გინდა, გადაიღო და კადრად დარჩეს, მაგრამ ამის გარდა სხვას ვერაფერს აკეთებ ადამიანის დასახმარებლად.
ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, დაჩაგროს და გააჩუმოს ყველა, ვინც წინააღმდეგობას უწევს. ამას რომ ვუყურებ, არ მაქვს მორალური უფლება, სახლში ჩუმად ვიჯდე, არ გამოვიდე და პროტესტი არ გამოვხატო. ეს არის ყველა ადამიანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გვერდში დაუდგე იმას, ვინც ჩაგრულია, და დღეს ბევრია ასეთი.
მგონია, რომ ბევრი ფაქტორი განაპირობებს, რატომ არიან ადამიანები ჩუმად. ზოგს ეშინია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. არ მგონია, რომ აქ მყოფი ადამიანები არ განიცდიან შიშს, მაგრამ ბევრმა დაძლია. მე უფრო იმის მეშინია, რომ ქვეყანას დავკარგავთ და არ ვიცი, მერე როგორ მოგვიწევს ცხოვრება. უკვე დიდი ხანია, ეს პროცესი მიდის და თითქოს შედეგი არ დადგა, ვიღაცები ამისგანაც დაიღალნენ და თავის ნაჭუჭში გამოიკეტნენ, ურჩევნიათ, ამ ეტაპზე თავიანთი ფიზიკური, ფინანსური თუ დროითი რესურსი ამ პროცესებს აღარ დაახარჯონ. ზოგი ფიქრობს, რომ ამ გზით შედეგს ვერ მივაღწევთ… ბევრი ფაქტორია. უკვე აქ გამოსვლისგან კი არა, ელემენტარული მხარდაჭერისგანაც იკავებენ თავს და ეს ძალიან მტკივნეულია. ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც ძალიან დიდი დრო გაქვს გატარებული, ჭირში თუ ლხინში, ერთად იყავით. თითქოს საერთოდ უარი თქვეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩართული პროცესში და ყოველდღიურად განიცდიან სისტემის ზეწოლას. ერთი მხრივ, ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უფრო მაძლევს სტიმულს, რომ იმ ხალხს, რომელიც ყოველდღე აქ დგას, გვერდში ვედგე.
ეს ხალხი მაძლევს გამარჯვების იმედს. პატრიოტიზმი ის არ არის, ჭიქა ასწიო და სამშობლოს სადღეგრძელო თქვა, მერე წახვიდე, დაწვე, დაიძინო და ამით შემოიფარგლებოდეს ქვეყნის სიყვარული.
პატრიოტები ეს ადამიანები არიან, ვისაც აქ ხედავთ.
————————————————————————-








