უამრავ მორწმუნეს ერიდან თუ ბერიდან, პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების. განა ვერ შევიდნენ. არა, უბრალოდ არ შეუშვეს – ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ.
მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ – აი, ეს ეწერა სახეზე ივანიშვილს. ჩვენი დროა, მარტო ლხინში კი არა, ტრაგედიაშიც მარტო ჩვენ უნდა ვჩანდეთ, სახეზე ეწერათ ივანიშვილის თვალებში შემციცინე და ხალხთან ამპარტავან ხელისკაცებს და ხელისქალებს, უარმყოფელთ მცნების “არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ ხალხთან”.
და ეს მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ მცირედმა ნაწილმა ერისა და ბერისა ამოიღო ხმა 8 წლის წინ, შვილის ჯვრისწერა რომ სვეტიცხოველში გადაიხადა ივანიშვილმა და ტაძარი ყველასათვის ჩაკეტა, როგორც პრივატული ღონისძიებებისთვის კეტავენ კლუბებსა და რესტორნებს. ჩაკეტა სვეტიცხოველი, ყველაზე დიდი ისტორიული სიმბოლო ქართული მართლმადიდებლობის, რაც ბოლოს ალბათ რომელიმე ქართველი მეფის მეფედკურთხევის ცერემონიაზე მოხდა საუკუნეების წინ.
და ეს მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ მცირედმა ნაწილმა ერისა და ბერისა ამოიღო ხმა, როცა გაუგონარი უგულისყურობით თუ შეგნებული ბოროტებით ჩვენს თვალ წინ ინგრევა გელათის ტაძარი, საქართველოს მთავარი ეზოთერული სიმბოლო, ყველაზე დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის აშენებული და დამშვენებული “სხვაი ათინა და მეორე იერუსალიმი”. ინგრევა როგორც ქართველთა რწმენის და განათლების სიმბოლო და ქართული ხუროთმოძღვრების და ფრესული მხატვრობის სიდიადის ძეგლი.
სახელმწიფოს მიმტაცებელმა ბოროტმა ჩარჩმა, რა გასაკვირია, რომ ახლა უკვე გლოვაც მიიტაცოს. არა იმიტომ, რომ მარტომ იგლოვოს ყველას ნაცვლად. არა – იმიტომ, რომ მარტომ მართოს, ყველას ნაცვლად და ვიდრე ცოცხალია.
და ეს მანამდე მოხდება, ვიდრე ყველანი ერთად (როგორც გუშინ ვიყავით) სამშობლოს არ გამოვტაცებთ კერპად თვითგამოცხადებულ მოძალადეს. გამოვტაცებთ და დავიბრუნებთ მთავარს, რაშიც ღმერთია განსხეულებული – თავისუფლებას და ურთიერთსიყვარულს. დავიბრუნებთ ადამიანური ყოფის იმგვარ საფუძველს, მწუხარების გამოხატვის თავისუფლებას, რაც, როგორც გუშინ აღმოჩნდა, ასევე შეზღუდული გვქონია.
წერს, “კოალიცია ცვლილებებისათვის”, ერთ ერთი ლიდერი, ნიკ გვარამია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.








