გურიის მოამბე

გარემოსდამცველთა ნაწილი პროტესტის ნიშნად “ორბის” ხვალინდელ “საჯარო განხილვას” არ დაესწრება

გარემოსდამცველთა ნაწილი  და ასევე, დიდი ალბათობით, “ბახმაროს საინიციატივო ჯგუფის” წევრები,  პროტესტის ნიშნად “ორბის” ხვალინდელ “საჯარო განხილვას” –  არ დაესწრებიან.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს”, ცნობილმა გარემოს დამცველმა, ირმა გორდელაძემ, განუცხადა.

ორბი ჯგუფი ხვალ, 2026 წლის 28 მარტს, 14:00 საათზე, ბახმაროში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის საჯარო განხილვას ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში გამართავს.

“ხვალ, შაბათს რომ ვითომ საჯარო შეხვედრას დაანონსებ ბახმაროს ყბადაღებულ “ორბის” პროექტზე და ხუთშაბათ საღამოს გაცნობებენ- ამას რა ქვია? მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა სცოდნოდა ეს საზოგადოებას, საჯაროობა ესაა. ასევე წარსადგენი პროექტი უნდა ყოფილიყო საჯარო და ჩამოთვლილი საინჟინრო, გეოლოგიური, გარემოსდაცვითი, ბახმაროს სარგებლიანობის, სივრცითი დაგეგმარების და ა. შ. მიმართულებებში რა შეცვალეს. ამით მოვახდენდით ძველი და ახალი პროექტის შედარებას. ასე რომ “ორბის” პირისმოსაბან ე. წ. პრეზენტაციას მე არ ვესწრები” თქვა გორდელაძემ, ჩვენთან საუბარში.

ცნობისათვის

ორბი ჯგუფი 2026 წლის 28 მარტს, 14:00 საათზე, ბახმაროში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის საჯარო განხილვას გამართავს.
განხილვაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები და პროექტის არქიტექტორები უპასუხებენ ყველა დასმულ კითხვას.
შეხვედრა გაიმართება ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში.
ნათქვამია ორბი ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

2019 წლის ხელშეკრულებით, „ორბს“ ბახმაროში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2029 წლის მაისამდე ეკრძალებოდა. ახალი ცვლილებით კი, 1 ლარად ნაყიდ მიწაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა კომპანიას 2034 წლის მაისამდე ეკრძალება.

ახალ განკარგულებაში „ორბის“ მთავარი ვალდებულება ასეა განსაზღვრული:

„პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არაუგვიანეს 19/06/2028 წლისა, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის [რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო(ებ)ს, კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს; კვების ობიექტ(ებ)ს; სპორტულ მოედანს/მოედნებს, ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას] შექმნის მიზნით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/ სარემონტო სამუშაოების [რაც ასევე შეიძლება, მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს] განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო(ები)სა და კვების ობიექტ(ებ)ის ფუნქციონირების დაწყება.

ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“.

მთავრობის განკარგულებით, ცვლილებები შევიდა ასევე „ორბთან“ გაფორმებულ სხვა [2020 წლის] ხელშეკრულებაშიც და კომპანიას ამ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადად 2027 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრეს.

„ორბს“ ასევე დაევალა ახალი საბანკო გარანტიების წარმოდგენაც.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ახალი [შეცვლილი] ხელშეკრულების დადებამდე კი, მთავრობა „ორბისგან“ 284 ათას 936 ლარის გადახდას ითხოვს.

ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცებული აქვს.

 

ბახმაროში კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

ამასთან, „წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას… კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან“, – აცხადებს ორგანიზაცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights