ირაკლი მელაშვილი – ჟურნალისტის სტატიამ როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას?”

დიტო ჩუბინიძე თუ დასაცავი გახდებოდა ამ ხელისუფლებიდან ამას რავა ვიფიქრებდი! ვულოცავ “ქართულ ოცნებას” თავის დროზე მის გულმხურვალე მხარდამჭერი ჟურნალისტის სინდისის პატიმრად აყვანას! გარეჯის მონასტრის კუთვნილების საკითხზე ჟურნალისტური გამოძიების გამო საბოტაჟის (!) და სამშობლოს ღალატის (!) მუხლით ჟურნალისტის დაჭერას სხვა შეფასება ვერ ექნება! საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონს ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე თუ არა, ეთანხმები მის პოზიციას თუ საერთოდ საწინააღმდეგო აზრი გაქვს! წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ექსპერეტი, ირაკლი მელაშვილი;
გთავაზობთ პოსტს სრულად;
“დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.
“გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ვკითხულობთ პროკურატური მიერ გავრცელებულ განცხადებაში
თვისთავად აბსურდია, ჟურნალისტის სტატიამ როგორ შეიძლება შეუშალოს ხელის “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას”! მაგრამ, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება “მიუკერძოებელი გამოძიება” “გავიდეს” ჟურნალისტური საქმიანობის საბოტაჟით და სამშობლოს ღალატის დადანაშაულებაზე?
სხვათა შორის, სიმართლე უნდა ითქვას, რომ მიშას დროს არ დაუჭერიათ დიტო, როცა შუა ქუჩაში იდგა ხოლმე და უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა! ყოჩაღ კობახიძე და არ დამიწყოთ ახლა, ის რა შუაშია, ბიძინაა მხოლოდ ყველაფერში დამნაშავეო!
ვაი, ვაი, ვაი, რა უვიცები ხართ ისინი, ვინც ახლა ძალაუფლებით ტკბებით და გგონიათ, რომ ყოვლისშემძლეები ხართ, ვისაც გგონიათ, ახლა სახელმწიფო რეპრესიული მანქანის გამოყენებით გააჩუმებთ მათ, ვინც თქვენი პოლიტიკის მოწინააღმდეგეა და ამაზე ადრე თუ გვიან პასუხი არ მოგეთხოევბათ! რამდენი თქვენისთანა ვნახე ამ 35 წლის მანძილზე, თვლა არ აქვს! არც თქვენ ჩაგიპაჭუნებთ თვალს და არც თქვენზე დაუშვებს გამონაკლისს ისტორიის კანონზომიერებები, ოღონდ ამას როცა გაითავისებთ, ძალიან გვიანი იქნება!
დღეს კიდევ ვინც ვერ ხვდება, რას ემსახურება ჟურნალისტ ჩუბინიძის დაპატიმრება, ნუ მათ მენტალობას და აზროვნებას არაფერი ეშველება! ისინი, ვინც ასე თვლიან, რომ რახან არ ეთანხმებოდნენ ჟურნალისტ ჩუბინიძის პოზიციას, ამის გამო შეუძლიათ მის დაპატიმრებაზე ხმა არ ამოიღონ, იმათაც ვერაფერი უსწავლიათ ისტორიიდან!
P.S. „მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად იკვეთებოდა თქვენს გაზეთში…“ – 2012 წელი. ბიძინა ივანიშვილი “ასავალ დასავალზე”, ამ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის ჟურნალისტიც მაშინაც იყო და ახლაც არის “საბოტაჟითა და სამშობლოს ღალატის” ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე.
P.P.S. დიტო ჩუბინიძის დაპატიმრების ამბავი იმ გამონათქვამს მახსენებს, “ცხენს ვერ შესწვდნენ და უნაგირს დაეჯაჯგურნენო” გამგები გაიგებს!
ციტატის დასასრული;
ცნობისათვის:

პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის მუხლით, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დომენტი იგივე, დიტო ჩუბინიძე დააკავა. განცხადება ბრიფინგზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ბექა კვიციანმა გააკეთა. მისივე თქმით, ჩუბინიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს

“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას. სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.

აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას”- წერს პროკურატურა.

ცნობისთვის, დიტო ჩუბინიძეს ციხიდან გამოგზავნილ წერილებში ახსენებდა ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. მათ შორის, ღარიბაშვილის განცხადებით, კობახიძე-მდინარაძეს აინტერესებდა ხომ არ იდგა ის, ჩუბინიძის სტატიების უკან.

“12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.

გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ” – წერდა ღარიბაშვილი 1 სექტემბერს გავრცელებულ წერილში.

ღარიბაშვილი იმავე წერილში სვამს შეკითხვას, “რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?”.

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights