ლანჩხუთელები ხელისუფლებისაგან ცემენტის ქარხნის საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მოსახლეობა, ადგილლობრივი ხელისუფლებისაგან, „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის საქმიანობის შესწავლასა და მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას მოითხოვენ.
ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა განცხადებებს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ და მას თან ურთავენ ვიდეომასალას, რომელიც ქარხნის საქმიანობას ასახავს;
გთავაზობთ მოსახლეობის განცხადებას სრულად:
“ვითხოვთ ყურადღებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას!
მოსახლეობის წინ მდებარე „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის საქმიანობა ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. ქარხნიდან გავრცელებული მტვერი გვაწუხებს და გვიჩენს საფუძვლიან შეშფოთებას ჩვენი ჯანმრთელობისა და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის გამო.
რამდენ ხანს უნდა უწევდეს მოსახლეობას ასეთ პირობებში ცხოვრება?! ჩვენც გვაქვს უფლება, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში. მოსახლეობის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი!
მოვითხოვთ, შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ შეისწავლონ არსებული მდგომარეობა, შეამოწმონ ჰაერის ხარისხი და ქარხნის საქმიანობის გარემოსდაცვითი ნორმებთან შესაბამისობა. თუ დარღვევები გამოვლინდება, აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება.
მივმართავთ პასუხისმგებელ პირებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და გარემოსდაცვით უწყებებს ნუ დატოვებთ მოსახლეობას უყურადღებოდ!
ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოზე.
გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა ჩვენი ხმა უფრო მეტ ადამიანს მისწვდეს და ამ პრობლემას სათანადო ყურადღება მიექცეს.
ჩვენ ვითხოვთ არა დაპირებებს, არამედ რეაგირებას და კონკრეტულ შედეგებს!”
“რამდენი წელია ეს პრობლემა აწუხებს მთელ მოსახლეობას და არასდროს რეაგირება არ ყოფილა, არც მოსახლეობიდან და არც შესაბამისი უწყებებიდან! გაიღვიძეთ ხალხნო ეს დაბინძურებული ჰაერი ყველგან მიდის და ვიწამლებით დღისით, ღამით არააქ მნიშვნელობა მომწამლავ ჰაერს ვსუნთქავთ. ნუთუ არავის უნდა ადარდებდეს ხალხის პრობლემა!” წერს განცხადების ქვეში ფეისბუკმომხმარებელი, ნათია გაგუა;
არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის ადმინისტრაცია, განცხადებას ჯერ ჯერობით არ გამოხმაურებია;
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights