ვიდეოშიც ნათლად ხედავთ, რა მდგომარეობაში მოუწიათ სასწრაფოს ადამიანის გადაყვანა. ეს არ არის უბრალოდ ცუდი გზა — ეს არის მდგომარეობა, სადაც ადამიანს ელემენტარული გადაუდებელი დახმარების მიღებაც კი შეიძლება დაგვიანებით მოუწიოს.
სასწრაფო დახმარების მანქანას პაციენტამდე მისასვლელად ტრაქტორი სჭირდება ამას უკვე გზა კი არა, ადამიანების მიტოვება ჰქვია.
როცა ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის, იმ წუთებში გზაზე ფიქრი არ უნდა გვიწევდეს. სასწრაფო უნდა მიდიოდეს ადამიანთან და არა მოსახლეობა ცდილობდეს, როგორმე მიიყვანოს ადამიანი სასწრაფომდე.
დღეს ტრაქტორით აბუქსირებდნენ სასწრაფოს. ხვალ რა იქნება? კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ხომ არ უნდა დადგეს საფრთხის წინაშე, რომ ვინმემ პასუხისმგებლობა იგრძნოს?
წლებია ვითმენთ, ვითხოვთ და ველოდებით. მაგრამ ლოდინსაც აქვს საზღვარი.
ადამიანების უსაფრთხოება დაპირებების საგანი არ უნდა იყოს. გზა საჭიროა ახლა სანამ კიდევ უფრო მძიმე შემთხვევასთან მოგვიწევს გამკლავება.
ჩვენს სახლამდე სამი სხვადასხვა გზა მოდის, მაგრამ სამივე იმდენად დაზიანებულია, რომ ვერც ერთი გზიდან სახლამდე მანქანით ვერ მიხვალ, ფიზიკურად შეუძლებელია.
ერთი გზიდან მხოლოდ ფეხით გადაადგილებაა შესაძლებელი — ისიც დიდი გაჭირვებით და ტალახში ამოსვრილები ვრჩებით , დანარჩენი ორი გზიდან კი უკვე საფეხმავლო გზაც აღარ არის გადაადგილებაც კი შეუძლებელია.“ – წერს თეო ბანდიგიანი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ორმეთიდან, (შრომის თემი).








