“დღეს 4 ოქტომბერია. ამ ერთი წლის განმავლობაში პაატა მხოლოდ ერთხელ 24 საათით ვნახე 12 აგვისტოს.დილის 10 საათზე მივედით ციხეში, პირველად მოგვეცა გრძელვადიანი პაემნის შესაძლებლობა მხოლოდ მე, მე თაკო და ტასო შეგვიშვეს, ეკა არა 
პირველივე წამიდან იგრძნობა, როგორ დაზომბირებულია იქაური სისტემა. ქალმა, რომელიც პასპორტებს ამოწმებდა, ცინიკურად მკითხა: „უი, შენ პირველად ხარ?“… ვუპასუხე: როდის მომეცით შესაძლებლობა, რომ მოვსულიყავით-მეთქი. მერე ვკითხე, დედაჩემის შემოსვლა რატომ არ შეიძლებოდა-მეთქი და „კანონით არ ეკუთვნისო“. (მხოლოდ 1 ზრდასრულიო ანუ მე) იქვე, მის თვალწინ ვნახე მუხლი და ვეუბნები, კანონში წერია, რომ ეკუთვნის-მეთქი. პასუხი? „მაგდენი არ ვიცი, შეეშალათ კანონშიო…“ ამ სისტემაში, სადაც წლებია ხალხი ამ იერს ატარებს, სათქმელი რომ ვთქვი, მივხვდი, რამხელა ძალა აქვს შინაგან თავისუფლებას, რომელსაც გონებაში ატარებ და ვერავინ წაგართმევს.
მერე შედიხარ შენობაში. ირგვლივ ისევ ეს ხალხია, რომლებიც პირველივე უსამართლობაზე ხმას არ იღებენ. კარადას, სადაც ნივთები უნდა დატოვო, გასაღები არ აქვს. ხმამაღლა ვკითხულობ: „გასაღები არ გაქვთ?“ „კამერები უყურებს 24 საათიო“. ვეუბნები: „კი, აუცილებლად მაჩვენებთ კამერას, რამე რომ დაიკარგოს-მეთქი“. პასუხი არ არის. ვკითხულობ: ანუ რის იმედად ვტოვებ აქ ნივთებს? და კუთხეში მდგარი გოგო ჩუმად ჩურჩულებს: „ღმერთის…“ მანდ მივხვდი, რომ ყველას აწუხებდა იგივე, უბრალოდ თქმა უჭირდათ.
მერე შევედით ოთახში, სადაც მეც და ბავშვებიც საგულდაგულოდ შეგვამოწმეს, რამე აკრძალული არ შეგვეტანა „კრიმინალ“ მამასთან.
შემდეგ ჩადიხარ გვირაბში, გრძელ დერეფანში, სადაც სული გეხუთება და ხვდები, რომ ეს სხვა სამყაროა და აქ არ უნდა იყოთ. მიდიხარ და ფიქრობ: შენ რამდენიმე საათში გახვალ და პაატა როდის? რისთვის არის აქ, ვისთვის? მოკლა, მოიპარა, იძალადა? არა! უბრალოდ ასე ინებეს.
დერეფნის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. მიგვიყვანეს ოთახთან, რომელსაც აივანი ჰქონდა მოშენებული. ამ აივნის შიგნით, ხის გისოსების უკან დგას პაატა. მხედავს. მანძილი ისეთი მოკლეა, შემიძლია შევეხო… არ მჯეროდა.
ძალიან ბევრი ველაპარაკეთ პაატას. ალბათ ამდენი არსად, არასდროს გვილაპარაკია. კიდევ ერთხელ, ახლა უფრო მკაფიოდ გავიაზრე, რამხელა უსამართლობისა და სისასტიკის მსხვერპლია, მაგრამ მაინც არ გაბოროტდა უფრო მეტი სიყვარული აქვს, ვიდრე მანამდე ჰქონდა.
ციხეში შევედი იმ რწმენით, რომ მამას ვსტუმრობდი. ოცდაოთხი საათის შემდეგ კი გარეთ გამოვედი იმის გააზრებით, რომ თავისუფლება მხოლოდ ის კარი არ არის, რომელიც შენთვის იღება.
თავისუფლება შენი თავის ის ნაწილია, რომელსაც ვერცერთი კარი ვერასდროს ჩაკეტავს.
იქ წასვლით ბრძოლის ველი ბევრად მკაფიოდ აღვიქვი. გავიაზრე, რა გადააქვს პაატას და რომ ეს ფილმი არ არის ეს ნამდვილი ცხოვრებაა, რომელსაც ვერც გადაახვევ, ვერც დააპაუზებ და ვერც დასასრულს შეუცვლი.
პირობები აუტანელია, მით უმეტეს მაშინ, როცა პატიოსნების გარდა არაფერი ჩაგიდენია. მაგრამ უკანონო პატიმრობის ერთი წლის თავზეც, მამაჩემი რჩება შინაგანად სრულიად თავისუფალ ადამიანად, რომელიც არ ივაჭრებს საკუთარ სიმართლით და ღირსებით.
და მაინც ჯიუტად მჯერა, რომ ბოლოს ყველა ზღაპარი კეთილად მთავრდება ისევე როგორც ის ზღაპრები, რომელსაც ბებო ძილის წინ მიყვებოდა.“ – წერს პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.








