როგორი იყო აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვა წლების მიხედვით:
- 2025 წელი – 88.370 მლრდ ლარი;
- 2024 წელი – 76.155 მლრდ ლარი;
- 2023 წელი – 63.994 მლრდ ლარი;
- 2022 წელი – 52.647 მლრდ ლარი;
- 2021 წელი – 47.938 მლრდ ლარს;
- 2020 წელი – 32.091 მლრდ ლარი.
მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 34.8% იყო. ცნობისათვის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 32.3%-ს შეადგენდა, 2023 წელს – 31.2%-ს, 2022 წელს – 29%-ს, 2021 წელს – 32%-ს, 2020 წელს კი 28%-ს.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.
ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სათამაშო ბიზნესში სულ 13 228 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი 3 742 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 63 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 253.7 მლრდ ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.5%, ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგზე მოდიოდა, ჯამში 88.880 მლრდ ლარი. აქედან 88.370 მლრდ ლარი, ანუ დარგის მთლიანი ბრუნვის 99.4%, სწორედ აზარტული თამაშების საქმიანობაზე მოდიოდა.
ცნობისათვის, 2018 წლიდან აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით. 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი.








