ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც 8 ოქტომბერს, 17 საათზე იყო ჩანიშნული და ეკონომიკის სამინისტროსთვის გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის გადაცემის საკითხი უნდა განხილულიყო, გადადიდო.
დარბაზში შეკრებილებისთვის, მათ შორის, საკრებულოს წევრებისთვის მიზეზი არავის განუმარტავს. სხდომა 9 ოქტომბერს, 12 საათზე ჩატარდება.
2026 წლის 26 აგვისტოს, ეკონომიკის სამინისტროს მიმართა შპს „დიემჯი გრუპმა“, რომელიც საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ფლობს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, გრიგოლეთში არსებული საფეხბურთო კომპლექსის იჯარით გადაცემა თხოვა.
იმავე დღეს ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა ლანჩხუთის საკრებულოს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების [გრიგოლეთის ბაზის] გადაცემის საკითხის განსახილველად.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრების პოზიციაა, ინვესტორთან ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა გააფორმოს, რაც იჯარის შეწყვეტის ან დასრულების დროს ქონების დაცვის მექანიზმად მიაჩნიათ.
თავის მხრივ, კლუბ „გურიას“ მმართველი ჯგუფისთვის [ჟორდანიების ოჯახი] მთავარია, დროულად მოხდეს კომპლექსის გადაცემა, რათა კომპანია „დიემჯი ჯგუფმა“ გრიგოლეთის ბაზის რეაბილიტაცია დაიწყოს.
ლანჩხუთის საკრებულოს სხდომის გადადება, სავარაუდოდ, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ადგილობრივ კანონმდებლების მყარი პოზიციის მიუხედავად, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ფორმით გადაეცემა ბაზა ინვესტორს.
„გურია Today“-ს მოაწოდეს ინფორმაცია, რომ იჯარას მუნიციპალიტეტი გააფორმებს: „რაც ვიცით, ხვალ [9 ოქტომბერს] ეკონომიკის სამინისტრო წერილს უკან გაითხოვს და მუნიციპალიტეტი შპს „დიემჯი ჯგუფთან“ იჯარის ხელშეკრულებას პირდაპირ გააფორმებს“ _ გვითხრა ლანჩხუთის საკრებულოსთან დაახლოებულმა წყარომ.
აღნიშნული ინფორმაცია ასევე კონფიდენციალურად დაგვიდასტურა საკრებულოს მინიმუმ ორმა წევრმა, მაგრამ ჩვენი სხვა წყაროების მიხედვით, შესაძლოა, ის მცდარი იყოს ან შეიცვალოს.
თუ ინფორმაცია დადასტურდა, საკრებულოს სხდომის გამართვის საჭიროება აღარ იქნება, ხოლო თუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წერილი არ გაითხოვა და საკრებულოს წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა ჩაშალეს, არსებული, მაგრამ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქონებას ავტომატურად გადაიფორმებს სამინისტრო, რადგან განხილვის ვადა სწორედ 9 ოქტომბერს იწურება.
ცნობისთვის: 2026 წლიდან ლანჩხუთის „გურია“ შპს „დიემჯი გრუპის“ საკუთრებაშია და მას ჟორდანიების ოჯახი მართავს. კლუბი, რომელიც ფინანსურ კრიზისში იყო, ამჟამად მესამე ლიგაში ერთპიროვნული ლიდერია და მას, საფეხბურთო წრეებში არსებული მოსაზრებით, უმაღლესი ლიგის დონის პირობები აქვს.
„გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი და ახლა დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე მერაბ ჟორდანია „გურია Today“-სთან საუბარში აცხადებს, რომ მომდევნო სეზონში კლუბი ეროვნულ ლიგაში უნდა გადავიდეს და პირველივე წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.








