რუსეთს არ დაუწყია საომარი მოქმედებები უკრაინაში, მაგრამ ცდილობს დაასრულოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პუტინის მტკიცებით, საომარი მოქმედებები უკრაინაში „ნაციონალისტებმა“ დაიწყეს.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ისინი. ეს საომარი მოქმედებები წამოიწყეს ნაციონალისტებმა უკრაინაში და მათ, ვინც მხარი დაუჭირა 2014 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, აქედან დაიწყო ყველაფერი. ამას მოჰყვა მოვლენები ყირიმსა და დონბასში“ , – განაცხადა პუტინმა.