„არაფერი დასამალი არაა, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გამყრელიძე ამბობს, რომ სამშობლოს მნიშვნელოვანი პოზიციიდან ბევრი წელი პატიოსნად ემსახურა.
ამასთან, NCDC-ის ექსდირექტორი ამბობს, რომ ის აგრესიული არ არის და პირადი დაპირისპირება არავისთან არ ჰქონია.
რაც შეეხება წერილს, რომელიც პირველ თებერვალს „ფორმულამ“ და TV პირველმა გაავრცელეს და რომელიც გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მის მოადგილეს თამარ გაბუნიას გაუგზავნა, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ემოციური წერილი იყო და არ უნდა გამოქვეყნებულიყო.
„მე აგრესიული არ ვარ. არაფერი არ არის დასამალი, რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ. მნიშვნელოვანი პოზიციიდან ვემსახურე ჩემს ქვეყანას. ვემსახურე პატიოსნად. პირადად დაპირისპირება არავისთან არ მქონია. დღესაც ძალიან ნორმალური ურთიერთობა მაქვს ყველა იმ ადამიანთან, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა. შეიძლება ცოტა ემოციურიც იყო ეს წერილი და არ მინდოდა მისი გასაჯაროება, მაგრამ რატომღაც ვიღაცამ მისცა ეს წერილი პრესას“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღო, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გულახდილად თქმის დრო ჯერ არ არის.
„ჯერ არ არის ამის დრო, რომ ყველაფერი გულახდილად გითხრათ. მე თვითონ დაპირისპირება არავისთან არ მქონია, თუ ვინმე მიპირისპირდებოდა, ეს უკვე სხვა საკითხია და მათ უნდა ჰკითხოთ. დიდი გზა მაქვს გავლილი და ვცდილობ, ყველა საკითხი კონსენსუსის სახით გადავწყვიტო. ასე იყო 10 წლის განმავლობაში, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვიყავი,“ – აცხადებს გამყრელიძე.