მსოფლიოში 400-ზე მეტი ატომური ელექტროსადგური მოქმედებს – სად მდებარეობს 5 უდიდესი აესი

განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესმა და წარსულში მომხდარი კატასტროფების გამო საზოგადოების ნეგატიურმა განწყობებმა, თანდათან ბირთვული ენერგიის პოპულარობის კლება გამოიწვია. 1996 წლის პიკიდან მოყოლებული, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავებაში წილი 17.5%-ს შეადგენდა, ბირთვული ენერგიის გამომუშავებამ დაღმასვლა დაიწყო და 2021 წლისთვის გლობალურ გენერაციაში წილი 9.8%-მდე ჩამოვიდა.

მიუხედავად ამისა, World Nuclear Report-ის მონაცემებით, 2023 წლის აპრილისთვის მსოფლიოში კვლავ ფუნქციონირებს 409 რეაქტორი, რაც 2011 წელთან შედარებით 28-ით ნაკლებია.

მსოფლიო ბირთვული ინდუსტრიის სტატუსის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი, 92 რეაქტორი აშშ-ში ფუნქციონირებს. შემდეგ მოდიან საფრანგეთი – 56 აეს-ით, ჩინეთი – 55-ით, რუსეთი – 37-ით და სამხრეთ კორეა – 24.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და აშშ-ს ენერგიის საინფორმაციო ადმინისტრაციის 2021 წლის მონაცემებით, ანალოგიურია რეიტინგი გამომუშავების კუთხითაც და პირველ ადგილზე აქაც შეერთებული შტატებია, სადაც 2021-ში 771,638 გგვტ.სთ ელექტროენერგია გამომუშავდა, ეს კი, დაახლოებით, 20%-ია ქვეყანაში მთლიანი გენერაციის. შესაბამისად, შემდეგ მოდიან ჩინეთი (383,205 გგვტ.სთ), საფრანგეთი (363,394 გგვტ.სთ), რუსეთი (208,443 გგვტ.სთ) და სამხრეთ კორეა (150,456).

თუმცა ბირთვულ ენერგიას ელექტროენერგიის გამომუშავებაში ყველაზე დიდი წილი საფრანგეთში (69%), უკრაინაში (55%), სლოვაკეთში (52.3%), ბელგიაში (50.8%) და უნგრეთში (46.8%) აქვს.

ატომური ელექტროსადგურების უპირატესობა ისაა, რომ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდწილად ამინდზე არიან დამოკიდებულები, მათი საშუალებით ენერგიის უწყვეტი გამომუშავებაა შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული ენერგიის გამომუშავებით არ გამოიყოფა დიდი ოდენობით ნახშირბადი, რომელიც კლიმატის ცვლილებაზეა პასუხისმგებელი, პრობლემაა რადიოაქტიური ნარჩენების დაშლა. ეს პროცესი რთული და ხანგრძლივია.

გარდა ამისა, ატომური რეაქტორების მშენებლობა ძვირადღირებული სიამოვნებაა და უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებულ დაცვას საჭიროების, რის გამოც მსოფლიოში უფრო იაფ, ქარისა და მზის სადგურების მშენებლობას ამჯობინებენ. თუმცა ატომური სადგურები ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაშია შემორჩენილი და სწორედ ამ სტატიაში მათგან ყველაზე მასშტაბურებზე მოგიყვებით.

კაშივაზაკი-კარივას ატომური ელექტროსადგური (იაპონია)

 

ნიიგატას პრეფექტურაში, ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით 220 კილომეტრში და იაპონიის ზღვის ნაპირზე მდებარე კაშივაზაკი-კარივას სადგური არის მსოფლიოში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე, დაახლოებით, 8,212 მეგავატია.

სადგური შვიდი რეაქტორისგან შედგება, პირველი ხუთიდან თითოეულის სიმძლავრეა 1,100 მეგავატი, დანარჩენი ორი რეაქტორის კი 1,356 მეგავატი. მისმა პირველმა ბლოკმა ოპერირება 1985 წლის სექტემბერში დაიწყო, ბოლო ბლოკმა კი 1997 წლის ივლისში. კაშივაზაკი-კარივას ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის და ოპერირებას უწევს Tokyo Electric Power Company (TEPCO).

kashiwazaki-kariwa-04780017-8388173865-1682058954.jpg

კორის ატომური ელექტროსადგური (სამხრეთ კორეა)

 

KEPCO-ს შვილობილი კომპანიის, Korea Hydro & Nuclear Power-ის საკუთრებაში მყოფი კორის ატომური ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 7,489 მეგავატია.

ის მდებარეობს კორიში, ბუსანის გარეუბანში, სამხრეთ კორეის სოფელში და მისმა პირველმა რეაქტორმა კომერციული ფუნქციონირება 1978 წელს დაიწყო.

სადგურში სულ რვა რეაქტორია განთავსებული, რომელთაგან ამჟამად შვიდი ფუნქციონირებს. სიმძლავრით ყველაზე მცირე რეაქტორი 640 მეგავატიანი, ყველაზე ძლიერი კი 1418 მეგავატიანი.

20210310000717-0-1682058696.jpg

ბრიუსის ატომური სადგური (კანადა)

 

ბრიუსის ოლქში (ონტარიო, კანადა) მდებარე ბრიუს ბირთვული სადგური სიდიდით მესამე ატომური ელექტროსადგურია მსოფლიოში.

ატომური ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6,550 მეგავატია. იგი შედგება რვა რეაქტორისგან, თითოეული მათგანის სიმძლავრე კი 817 მეგავატიდან 825 მეგავატამდე მერყეობს. სადგური ეკუთვნის Ontario Power Generation-ს (OPG).

აღსანიშნია, რომ წლების განმავლობაში ბრიუსის ატომური სადგური სიმძლავრით მეორე იყო, სანამ კორის ბირთვული სადგურის ერთი დამატებითი რეაქტორი არ ამუშავდა.

bruce-site-1682058714.png

ჰანულის ატომური ელექტროსადგური (სამხრეთ კორეა)

 

5,881 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე ჰანულის სადგური მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ატომური ელექტროსადგურია.

ის მდებარეობს სამხრეთ კორეაში, გიონსანბუკ-დოს პროვინციაში და მოიცავს 6 რეაქტორს, რომელთაგან პირველი ამოქმედდა 1988 წელს.

სადგურის მშენებლობის პირველი ფაზა 2005 წელს დასრულდა. მეორე ფაზა გულისხმობს ორი ახალი რეაქტორის დამატებას, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 1,340 მეგავატია.

ulchin-now-hanul-04790182-8506930230-1682059000.jpg

ჰანბიტის ატომური ელექტროსადგური (სამხრეთ კორეა)

 

სამხრეთ კორეის ჰანბიტის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ადრე იონგვანგის ატომური ელექტროსადგურის სახელით იყო ცნობილი, სიაში სიდიდით მეხუთე ადგილს იკავებს.

მისი დადგმული სიმძლავრე 5,875 მეგავატია და ისიც Korea Hydro & Nuclear Power-ის საკუთრებაშია. იგი 6 რეაქტორს მოიცავს, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 947-დან 997 მეგავატამდე მერყეობს.

86575-32692-2039-1682058758.jpg

უნდა ითქვას, რომ 5,700 მეგავატიანი დადგმული სიმძლავრით ჩამონათვალში მეექვსე ადგილზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია უკრაინაში, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, კრემლის მიზანმიმართული თავდასხმების შედეგად დაზიანდა და გაჩნდა რადიაციული გაჟონვის საფრთხეც. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სომხეთში არსებულ მეწამურის ატომურ ელექტროსადგურს, მისი დადგმული სიმძლავრე 375 მეგავატს შეადგენს.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share