შრომის ინსპექცია კლინიკებს მედპერსონალისთვის ხელფასების დაგვიანების გამო აფრთხილებს. როგორც ბექა ფერაძე bm.ge-სთან ამბობს, თუ კლინიკა პერსონალს ხელფასებს დროულად არ გადაუხდის, შრომის ინსპექცია თავისი მანდატის ფარგლებში სამინისტროსგან მოითხოვს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება კონკრეტულ შემთხვევაში კლინიკას დაუკაოს.
„შრომის კოდექსით განსაზღვრულია, რომ თუ სამედიცინო დაწესებულება დააგვიანებს და არ გადაუხდის კონკრეტულ რიცხვში მედპერსონალს ხელფასს 0,07% ერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და გაზრდილი ოდენობით უნდა მიიღოს შესაბამისად პერსონალმა ანაზღაურება. დამატებით შრომის ინსპექციის მანდატი არის, რომ თუ ჩვენ შევხედავთ, რომ თანხა არ იქნება ჩარიცხული და დანაკლისით იქნება ჩარიცხული, ჩვენ მივმართავთ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მათი მხრიდან მოხდება [კლინიკისთვის] თანხის დაკავება, სანამ არ მოახდენს სამედიცინო დაწესებულება კუთვნილი ანაზღაურების სრულად ჩარიცხვას მედპერსონალის მიმართ“,-განმარტავს ფერაძე და დასძენს, რომ შრომის ინსპექციას ეს მექანიზმი ჯერ არ გამოუყენებია.
როგორც ირკვევა, ამ საკითხზე ორი დღის წინ კერძო სექტორთან შეხვედრაზეც იყო საუბარი. სამედიცინო დაწესებულებებისთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. ევექსის რაიონული კლინიკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფერაძის საპასუხოდ ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში ხელფასების გაცემა იმიტომ გვიანდება, რომ სახელმწიფოს კლინიკების რამდენიმეთვიანი დავალიანება აქვს.
„საყოველთაო თვითონ რამდენი თვით არის დაგვიანებული მას შევხედოთ და მერე შევხედოთ დაგვიანებებს. ჯერ ერთი არანაირი დაგვიანებები არ არის, შეიძლება ერთეულ შემთხვევებშია, მაგრამ ის დაგვიანებაც იმიტომ არის, რომ ჩვენ ახლა ვღებულობთ იანვრის და თებერვლის დაფინანსებას. რამდენიმე თვით დაფინანსება გადაცდა, გაცდა დადგენილ ვადებს. იყო ბექა ფერაძისგან მოწოდებული, რომ დამატებით სესხი აიღოს დაწესებულებამ. იმის გამო, რომ დაფინანსება დაგვიგვიანდა სესხი უნდა აიღოს და დამატებით რესურსი მოიძიოს სამედიცინო დაწესებულებამ?! ჯერ ერთი, საერთოდ რატომ უნდა მოუწიოს კლინიკას სესხის აღება, ეს ხომ დამატებითი ტვირთი და ვალდებულებაა დაწესებულებისთვის?! მაზეც რამდენიმე კლინიკამ უპასუხა, რომ სესხის აღების ყველა რესურსი ამოწურეს“,-აცხადებს ამბროლიანი.
შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები დაფინანსების ახალ DRG სისტემაზე სატესტო რეჟიმში გასული წლის 1 ნოემბრიდან, სრულყოფილად კი მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გადავიდნენ.