დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს არ არის საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების დღის წესრიგში განიხილება.
„ჩვენ ამაზე ყოველთვის გვქონდა თანმიმდევრული, კონსტიტუციასთან და კანონის უზენაესობის პრინციპებთან შესაბამისი განცხადება და პასუხი. დღესაც იგივე შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს. ეს, ცალსახად, მართლმსაჯულების სისტემის საქმეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან ვერავითარ განხილვაში ვერ შევალთ და არ შევალთ, ვინაიდან პატივს ვცემთ კანონის უზენაესობის პრონციპს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.