მე ვარ ქეთევან ხუსკივაძე, 46 წლის, ლექტორი. 25 წელიწადია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი. ასევე ვარ მთარგმნელი და ისპანისტთა საზოგადოების დამაარსებელი საქართველოში. ხშირად მეკამათებიან, რომ ,,ესპანისტთა’’ არის და არა ,,ისპანისტთა’’, ჰგონიათ, რომ რუსულიდან არის გადმოტანილი. ისპანისტი (ესპ. hispanista) არ ნიშნავს მარტო ესპანეთის ენისა და კულტურის მცოდნეს, ის გულისხმობს ესპანურენოვან ქვეყნებსაც.
ბოლო ორი წელიწადია, უწყვეტ პროტესტში ვარ ჩართული. ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში პირველი სერიოზული საპროტესტო გამოსვლა საყდრისთან დაკავშირებით მქონდა. ჩვენი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ ქვეყანა ოქროს მოიპოვებდა – საყდრისი ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ, როგორც ცივილიზაცია, ძალიან ადრე ვარსებობდით; ვარსებობდით როგორც სახელმწიფო და გვქონდა ოქროს მოპოვების არაჩვეულებრივი ტექნოლოგია. მაშინ დავინახე, როგორ მოიწვია ივანიშვილმა უწყებები, რომლებსაც რამე განცხადებით თუ მიმართავდი, თვეები უნდა დალოდებოდი, და სულ რაღაც ორ ღამეში როგორ მიაღებინა ყველა ის გადაწყვეტილება, რაც საბოლოოდ დასრულდა საყდრისის აფეთქებით… და გაგვინადგურეს ის ისტორიული კერა, საიდანაც უნდა გვეკვლია ჩვენი ცივილიზაცია; ის, რომ უფრო დიდი ხანია, სახელმწიფოდ ვარსებობთ, ვიდრე ეს რუსეთს უნდა.მაშინ მივხვდი, რომ ეს პოლიტიკური ამბავი იყო და ასევე მოექცეოდა ივანიშვილი მთელს ჩვენს ქვეყანას და ისტორიას.
სამწუხაროდ, ყველაფერი გამართლდა.
დავიბადე, გავიზარდე და ბავშვობა გავატარე მთაწმინდაზე, იტალიურ ეზოში. ამ სახლში კორიდორული სისტემა იყო და ჩვენი ოჯახი კორიდორსა და სააბაზანოს ერთ არაჩვეულებრივ ქალთან იყოფდა – ,,ლუსია ბებოს’’ ვეძახდით მე და ჩემი და, გვარად ჯალალოვა იყო, ძირძველი თბილისელი სომხური წარმოშობის ოჯახიდან, რომლის საკუთრებაშიც იყო თავის დროზე მთელი ის ეზო. ლუსია ბებოს საოცარი განათლება ჰქონდა მიღებული, ძალიან იშვიათი ქართულით მეტყველებდა. მამამისი ქალაქში ცნობილი მეწარმე იყო და მათ ოჯახში სტუმრად დადიოდნენ იმ დროინდელი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. ლუსია ბებო გვიყვებოდა, როგორ სწავლობდა ქალთა გიმნაზიაში, როგორი ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, საოცარ ნივთებს გვათავლიერებინებდა… მაგალითად, პირველი გამოშვების ,,შანელის’’ სუნამოც ჰქონდა შენახული. და ეს ზღაპრული ამბავი მთავრდებოდა ხოლმე ერთი ფრაზით: ,,… და მერე მოვიდნენ ისინი’’. ჩვენ ძალიან გვეშინოდა და ვეკითხებოდით – ,,ვინ ,,ისინი’’ ლუსია ბებო?’’ და გვპასუხობდა – ,,წითლები!’’ ამ წითლებმა, ბოლშევიკებმა, როცა შემოვიდნენ, ყველაფერი ჩამოართვეს და ერთ პატარა ოთახში დატოვეს.
ხშირად მიფიქრია, საიდან გაჩნდა მაშინ ჩემში პროტესტი. სავარაუდოდ, ოჯახიდან, იმ გარემოდან, სადაც ვიზრდებოდი. შეიძლება ბავშვი ყველაფერს ვერ აღიქვამდეს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს იყო ხალხი, ვინც ჩვენს საყვარელ ადამიანებს სიცოცხლეს უმწარდებდა. ჩემი მშობლები არასდროს ყოფილან პარტიულები და რა თქმა უნდა, ამის გამო სამსახურშიც არ ექნებოდათ წინსვლა, ეს დედამაც იცოდა, მამამაც, და მათი გადაწყვეტილება იყო ასეთი. შესაძლოა, ასეთი მაგალითები ილექება და მოქმედებს მერე.
მამაჩემის მამა რეპრესირებული იყო სტალინის დროს და ბავშვობიდან მიჩვეულები ვიყავით, რომ ბოლშევიკებს დავცინოდით. ერთხელ სკოლაში ვთქვი, კარგი ლექსი ვიცი-მეთქი, რაღაცები ვთქვი და ბოლოს მოვაყოლე: ,,ლენინ ხარა, ლენინ ხურა, ლენინ ხარახურა.’’ მოკვდა ჩემი დამრიგებელი სიცილით და მითხრა, აქ კარგია, მარა სხვაგან მაინც ნუ მოყვები ასე გახარებულიო. ჩემი პირველი პროტესტი სხვა სკოლაში იყო, სადაც მოგვიანებით გადამიყვანეს, რადგან მთაწმინდიდან მოგვიწია გადასვლა. მე და ანა მგელაძე, დღეს არაჩვეულებრივი ანთროპოლოგი და დიდი მეცნიერი, რომელიც მუზუმიდან გამოაგდო წულუკიანმა, კლასელები ვიყავით. როცა პიონერებში მიგვიღეს, ჩვენი სურვილით ერთ კვირაში დავხიეთ ყელსახვევები. დირექტორთან დაგვიბარეს და, თავისი ჭკუით, სანიმუშოდ დაგვსაჯეს. სინამდვილეში დირექტორიც ხვდებოდა, რომ რაღაცას მთლად სწორად ვერ აკეთებდა, ძალიან მალე მოვიდა და ბოდიში მოგვიხადა.ამ დროს უკვე ეროვნული მოძრაობა იკრებდა ძალას. ასეთი იყო ჩემი პირველი პროტესტი რუსული იმპერიის წინააღმდეგ.
ჩემი მშობლები ძალიან ჩართულები იყვნენ ეროვნული მოძრაობის საპროტესტო გამოსვლებში, აქციებზე დადიოდნენ ხშირად. 9 აპრილს რაღაც მიზეზით ვერცერთი ვერ იყო რუსთაველზე, მაგრამ რომ თენდებოდა, დედაჩემის განწირულმა ტირილმა გაგვაღვიძა მე და ჩემი და. მახსოვს, როგორ ჩამესმა მისი სიტყვები – ბავშვები როგორ დაგვიხოცესო … მაშინ მე ათი წლის ვიყავი, ჩემი და – ცამეტის. სკოლიდან მივდიოდით, ყვავილები მიგვქონდა იმ ადგილას. ამ ტრაგედიამ ხალხი გააერთიანა, კომუნისტებიც კი დადიოდნენ და განიცდიდნენ. მერე მახსოვს, მამამ რომ სახლში დარეკა, დროზე მოდით, დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთო. 31-ში ხომ რეფერენდუმი იყო და 9 აპრილს, ტრაგიკული დღიდან ორი წლის თავზე, იმ დროინდელმა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მახსოვს, დედაჩემი, მე და ჩემი და სველი თმით როგორ გავიქეცით და ვიდექით პარლამენტის წინ კიბეებთან. ყველას უხაროდა, მაგრამ თან იყო შიშიც – გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებლად ვიყოთ, ხომ არ გაგვიჭირდება? ეს შიშიც იყო, მაგრამ უფრო მეტად იყო დიდი ბედნიერების შეგრძნება _ განცდა, რომ რაღაც ახალი იწყებოდა.
მაშინ ალბათ რთულად წარმოვიდგენდით, რომ ეს ახალი სინამდვილეში იყო 35-წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
თავის დროზე გეოლოგობა მინდოდა, მაგრამ ერთ წელიწადს მოხდა ისე, რომ წავიკითხე მიგელ დე უნამუნოს არაჩვეულებრივი ნაწარმოები ,,ბურუსი’’. ალბათ, მაშინ იყო, როცა პირველად დავფიქრდი ფილოსოფიაზე. იმავე წელს ვნახე პედრო ალმოდოვარის ფილმები და მივხვდი, რა მხიბლავს საერთოდ კულტურაში – ადამიანები და ასეთი სიყვარული ადამიანების მიმართ. იმდენად მოვიხიბლე, რომ ვთქვი, მე ესპანური უნდა ვისწავლო-მეთქი და გადავწყვიტე, ამ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ეს იყო ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარი, როცა თითქოს უფასო ფაკულტეტები არსებობდა, მაგრამ იქ რომ მოხვედრილიყავი, თანხა უნდა გადაგეხადა. ჩემი ოჯახი ვერაფერს გადაიხდიდა, ეგ კი არა, მომზადებითაც მინიმალური თანხებით, მინიმალურ საგნებში მოვემზადე, მთაწმინდის ბინის გაყიდვა მოგვიწია და, სამწუხაროდ, დავემშვიდობე ჩემს ბავშვობას.
ჩაბარების ამბავი ძალიან ცუდად მახსოვს, კომისიის თავმჯდომარეს ჰყავდა თავისი აბიტურიენტები, რომლებისგანაც საოცარ თანხას იღებდა და ისინი უნდა მოხვედრილიყვნენ. და უცებ მივედი მე, რომელსაც არ მიცნობდა და არც ფული მქონდა გადახდილი. ამიტომ გამლანძღეს. გავილანძღე იმისთვის, რომ საერთოდ ჩაბარება გადავწყვიტე. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ უნივერსიტეტში მისვლასაც აღარ ვაპირებდი. მერე ჯგუფელმა დამირეკა, რომ ის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ლექტორი უნდა ყოფილიყო, წავიდა უნივერსიტეტიდან და მის ნაცვლად გვასწავლიდა ადელა მარტინესი – ესპანელი ქალი, რომელიც ბავშვობიდან აქ ცხოვრობდა, ძალიან პატარა იყო, როცა ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და საბჭოთა კავშირმა გემით ჩამოიყვანა სხვა რესპუბლიკელების ბავშვებთან ერთად.
ასე მოვედი, მოვედი და 4 წელიწადი ვისწავლე. მეოთხეს რომ ვამთავრებდი, ესპანეთში წასასვლელი სტიპენდია მოვიპოვე. მაშინ სტიპენდიებიც ჩაწყობით იყო, მინისტრების შვილები დადიოდნენ ასეთი პროგრამებით, მაგრამ ჩემი კათედრის ხელმძღვანელმა მაშინ ძალიან იმარჯვა, საერთოდ არავინ იყო ჩემი, მხოლოდ ლექტორი, და მიცნობდა, როგორც სტუდენტს. მან თქვა – ეს ბავშვი უნდა წავიდესო. ასე მოვხვდი 2000 წელს ერთი თვით მადრიდის უნივერსიტეტში და რომ ჩამოვედი, უკვე ლექტორი გავხდი. ძალიან პატარა, 20 წლის ვიყავი, ლექტორობა რომ დავიწყე, ჩემი პირველი ჯგუფი 19 წლის სტუდენტები იყვნენ. თან მაგისტრატურაზე ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. მერე გადავწყვიტე, რომ განათლების მეცნიერებების დოქტორი გავმხდარიყავი, იმიტომ, რომ საქართველოში განათლებას სჭირდება დახმარება. მაშინ არც მიფიქრია, რომ აქამდე მოვიდოდი და მომიწევდა ჩხუბი, კამათი, ბრძოლა და საერთოდ იმის მტკიცება, რომ განათლება გვჭირდება და არ უნდა გავანადგუროთ.
ესპანურენოვანი ლიტერატურა, რომელიც ასე უყვართ საქართველოში ხშირად ეხება დიქტატურას და ადამიანების ყოფას დიქტატურაში. მაგალითად, მარიო ვარგას ლიოსა ძალიან კარგად აღწერს რეჟიმებს, საიდანაც სწავლობ, როგორ უნდა ამოიცნო რეჟიმი. ამასაც რომ თავი დავანანებოთ, ზაირა არსენიშვილის ,,ვა, სოფელო’’ ვისაც წაკითხული და გააზრებული აქვს, რა დიდი ფიქრი უნდა იმას, რომ ახლა რაშიც ვცხოვრობთ, ეს არის რეჟიმი მთელი თავისი გამოვლინებით. გაცოცხლებულია სტალინური ეპოქა, მისი აჩრდილი დაგვანახეს და ამით გვაშინებენ, თან ცდილობენ, რომ ამ შიშის ფონზე რეჟიმი გაამყარონ და ძალაუფლება შეინარჩუნონ.
უნივერსიტეტში, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს, ამავდროულად, ძალიან ტრაგიკული, ყველაზე კარგად ჩანს სინამდვილეში სად ვართ დღეს. ახლა რეჟიმი ცდილობს ორ რამეს, პირველი – თვითცენზურა გაგვიღვიძოს, და მეორე – გვითხრას, რომ მარტო ვართ დედამიწის ზურგზე და თუ ისე არ იქნება, როგორც მე გეტყვი, მაშინ შეგჭამს რაღაც ძალა. ამ დროს იმ ძალას და მის ინტერესებს თვითონ წარმოადგენს. თან გვაშინებს ომით, გეუბნება, რომ რუსეთი დაგიპყრობს და თან გეუბნება, რომ რუსეთს უნდა დაექვემდებარო. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ თვითცენზურა უნდა მოვკლათ. თსუ-ში ასეა – რომ შედიხარ, ადამიანები შეიძლება გარეთ ხმაურიანად ლაპარაკობდნენ, მაგრამ შიგნით ხდებიან შეშინებულები, ძალიან დიდი თვითცენზურით, იმიტომ, რომ ის აჩრდილი აშინებთ, ის აჩრდილი ახლა გაცოცხლებულია და ყველა აუდიტორიაში ნახავთ. მე მგონია, რომ სინამდვილეში ოკუპაციის აჩრდილი თსუდან არც წასულა და დღესაც იმას ემორჩილებიან ეს ადამიანები.
ხშირად მიფიქრია, რომ უნდა წავიდე, მაგრამ იმიტომ ვერ ვტოვებ უნივერსიტეტს, რომ როცა იქ შევდივარ, ყოველდღე ამ აჩრდილს ვებრძვი. ჩვენთვის ახლა ყველაფერი პროტესტის ადგილად იქცა, თარგმანიც პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა ჩემთვის. ჩემი ლექცია ყოველდღე ამ რუსულ ოკუპაციის დამარცხებაა და არ მინდა, ეს ხელიდან გამომეცალოს.
ამ უნივერსიტეტის ისტორიამ აჩვენა, რომ მისი დამფუძნებელიც კი რუსულმა ოკუპაციამ მოინელა და ეს გააკეთა ქართველების ხელით, უნივერსიტეტის და სტუდენტების ხელით. აი, ეს შიში აქვთ ალბათ… ზოგ ახალგაზრდას ვუყურებ და ვფიქრობ – ეს რატომ არის ჩუმად, ახალგაზრდაა, თავისუფალ საქართველოში დაიბადა, ეს რაღამ დაადუმა? მაგრამ, ალბათ, დასწავლილი შიშიც არსებობს, როცა უყურებ უფროს კოლეგებს, უცებ რომ ეკარგებათ ხმა და გაფართოებული თვალებით იყურებიან. აკადემიური საბჭოს სხდომიდან რომ გამოვედი, დიდ მოჩვენებას რომ დაგანახებენ, ზუსტად ისეთი სახე მქონდა, იმიტომ, რომ მე იქ დამხვდა 30-იანი წლების სტალინისტური პერიოდის უნივერსიტეტი. მორჩილება, მდუმარება, ქცევა, მანერა, მეტყველება – ყველაფერი ისეთი იყო, ყველაფერი ცხადად დავინახე. ჯავახიშვილის უნივერსიტეტს სტალინის სახელიც ერქვა ერთ დროს. ის ეპოქა გამიცოცხლდა და ამას თავად ქმნიან ეს ადამიანები.
ივანიშვილის ,,რუსულ ოცნებას’’ იქ ჰყავს უშიშროების წარმომადგენლები, მარა ის ადამიანები არიან ერთეულები და ჩვენ ვართ ბევრად მეტი. 2000 ადამიანი ასწავლის უნივერსიტეტში და თუნდაც 1000-მა რომ თქვას, თქვენ აქ ეს არ გამოგივათ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს აკადემიური თავისუფლება, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციური ავტონომია – დამთავრებულია. მე ამას ჩემი მაგალითით ვაჩვენებ. ამას ვიღაცები აღიარებენ, ვიღაცებს ეშინიათ, ვიღაც უფრო კარგ გამარჯობას გეუბნება, ვიღაც – ცოტა შეშინებულს და თან გააჩნია, ვისთან ერთად დგას…
მე დღეს ძლიერი იმიტომ ვარ, რომ შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. როგორც კი გავჩუმდები, მე ვიქნები უძლური.
ყველაზე მეტად სტუდენტები მიყვარს და თუ რამეს ვაკეთებ, ყველაფერი მათთვისაა. ყოფილა შემთხვევა, მიკითხავს – სად ხართ, ბავშვებო? მაგალითად, მეგი დიასამიძე რომ დააკავეს, ასე ვიწყებდი ლექციას – ,,მოგესალმებით, სტუდენტებო. უნივერსიტეტს, სადაც თქვენ სწავლობთ, ახლა უკვე სინდისის სამი პატიმარი ჰყავს.’’ და ვხსნი, რატომ დააკავეს, იმიტომ, რომ ტროტუარზე იდგა. ამ ბავშვებს აქვთ პროტესტის გრძნობა, ვერ ვიტყვი, რომ ვინმე არ მეთანხმება, ან ვინმეს მოსწონს ის, რაც ხდება. მე რასაც ვერ ვხსნი, და ალბათ ეს მხოლოდ თავად იციან, ამხელა პროტესტიდან ქუჩაში გამოსვლამდე, თუნდაც პირველი კორპუსის ეზოში დადგომამადე, რა ძალისხმევაა საჭირო, რა ნაბიჯი უნდა გადადგან.
სტუდენტებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან, პირდაპირ უთქვამთ, რომ ოკუპაციური პოლიციის წარმომადგენელი მივიდა მათთან ოჯახში, ვიცით, როდის მიდის თქვენი შვილი აქციებზე და თუ არ გაჩერდება, იცოდეთ, რომ დაისჯებით და აქ ვეღარ შემოვაო. აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი ასევე ოკუპაციური მთავრობა ძალიან კარგად თანამშრომლობს მათთან და ამ ბავშვებს აშინებენ. ამისთვის აუცილებლად აგებენ პასუხს. ასევე ჩემი სტუდენტების უმრავლესობა რეგიონებიდანაა, მათი მშობლები იქ მუნიციპალურ ორგანოებში მუშაობენ და რამე საპროტესტოს თუ ვწერთ, მიდიან და ჩვენს მშობლებს თითს უქნევენო. ვიღაცას სტიპენდია აქვს წამოღებული რეგიონიდან და იმის დაკარგვის შიში აქვს.
თუმცა, საბოლოოდ, ისევ იქამდე მივდივართ, რომ თვითცენზურა უფრო მეტია, ვიდრე რეალობის შიში.
მთელი ცხოვრება ციხის ფობია მქონდა. ხომ არსებობს ლიტერატურული ნაწარმობები, ფილმები დაკავებულზე, საპყრობილეზე – არასდროს შემეძლო ამისი ყურება და წაკითხვა. შეიძლება, იმაზე მეტს ვკითხულობდი, ვიდრე იქ ეწერა. წარმოუდგენელი იყო, რა მოცემულობა უნდა დამგარიყო, რომ მე ვიღაცას დავეკავებინე და ციხეში ვყოფლიყავი. ეს ფობიაც გადამალახინეს, დაკავებამდე სხვა ქეთი ვიყავი, რომ გამოვედი – სხვა ქეთი ვარ, შიში აღარ მაქვს.
მათე დევიძის მარშრზე ტროტუარზე მოვდიოდი, გვერდზე, გაზონთან ახლოს, ჩემი და მოდიოდა, ტრანსპარანტი ეკავა. დავინახე, რომ გოგა მემანიშვილი, საპატრულოს ხელმძღვანელი, მიუახლოვდა ჩემს დას და ხელი ჰკრა, უნდა წაქცეულიყო, ბოლო მომენტში შეიკავა თავი. მერე მემანიშვილმა ყველას დაუარა გაყოლებაზე და იგივე გააკეთა, არ იყო პირველი შემთხვევა, წინა დღესაც ასე უცნაურად გვეცნენ თავისუფლებაზე პოლიციელები, განსაკუთრებით ქალებს ერჩოდნენ და ურტყამდნენ. მაშინაც ვუთხარი, რატომ გვირტყამთ, ისედაც ხომ გადავდივართ-მეთქი. მაშინ არაფერი უპასუხიათ, მაგრამ ახლა, ამის დანახვაზე, იგივე კითხვა დავუსვი მემანიშვილს, ქალებს რატომ ურტყამთ-მეთქი. ქალებს რატომ ურტყამთ კი არა, გადაეთრიეთ აქედანო და შეიგინა, რაზეც ვუპასუხე, სად გაიზარდეთ-მეთქი, როგორც კი დავასრულე, გაიყვანეთ ეს აქედანო, მეცა აქედან-იქიდან რვა პოლიციელი, მერე იღლიაში ჩალურჯებებიც მქონდა… წინ იდგა დაკავების მანქანა, კარი ღია იყო და ჩემით ავდიოდი, მაგრამ არავინ მიშვებდა, ხომ უნდა ვეჯანჯღარებინე?! თითქოს დიდი კრიმინალი დააკავეს. უცებ მამაგეიშვილი მოვიდა და კისერზე მეცა, ისე მეტკინა, ვუთხარი, კისერს ხელი გაუშვი-მეთქი. მემანიშვილმა ხელი მომკიდა და მანქანაში შემაგდო, თან მაგინებდა, ოღონდ ეს გინება გრძელდებოდა ძალიან დიდხანს და მივხვდი, რომ უნდოდა, წყობიდან გამოვეყვანე და მერე ამით გაემართლებინა ჩემი დაკავება. ვზივარ ჩუმად და საკუთარ თავს ვეუბნები – არ უნდა შევხედო. მივხვდი, რომ თუ სახეზე შევხედავდი, კონტროლს დავკარგავდი. მემუქრება, მაგინებს, განსაკუთრებით დედას… ამომიყვანეს ცრუ მოწმე, დასვეს ის ბიჭი, ისიც ისმენს ყველაფერს და გაოგნებულია. ბოლოს უთხრა, ამას ახლა ფოტო გადაუღე, გადააგზავნეო და ჩავიდა.
ჯერ შუშებიან შენობაში წამიყვანეს, მერე დიღმის იზოლატორში. მქონდა ძალიან მაღალი წნევა, დამალევინეს წამალი, მაინც არ დამიწია, ვწევარ, თავი მტკივა, სათვალე დამატოვებინეს და წესიერად ვერაფერს ვხედავ… ამ დროს კარი იღება და ჩოჩქოლით შემოჰყავთ ქალი, კონტურებს ძვლივს ვარჩევ… ვიფიქრე, კრიმინალი შემომიყვანეს-მეთქი, მანდ უკვე შემეშინდა. ვკითხე, თქვენ რაზე დაგაკავეს-მეთქი, ქეთი ხუსკივაძე ხარო, მკითხა, ჯერ თქვენ დაგაკავეს და მერე ჩვენ მოგვაყოლეს, 12 ადამიანიო. ასე გავიცანი ჩვენი თანამებრძოლი ნინო ბარძიმაშვილი. ძალიან გამიმართლა და ის ორი დღე არაჩვეულებრივ ნინოსთან ერთად ვიყავი.ნინო არაჩვეულებრივი მთარგმნელი, ქართულის ფილოლოგი და მთასვლელია. მთელი ორი დღე მე და ნინო ვსაუბრობდით ლიტერატურაზე. ნინო საკუთარ და ჩვენს უფლებებს იცავდა, მე დიდად თავი არ მქონდა, მაღალი წნევა თავისას შვებოდა. მანდატურები, რომლებიც მანამდე ,,ქალბატონოთი’’ მომმართავდნენ, როგორც კი ნინო იწყებდა უფლებების დაცვას, ხდებოდნენ მონსტრები და ამავდროულად კომიკურები. ერთხელ, იოგას ვვარჯიშობდით მე და ნინო და მეომრის პოზაში რომ დავდექით, შემოვარდნენ – ,,რას აკეთებთ?! სირცხვილია, კამერა გხედავთ!’’ და ამ დროს კამერა ხედავდა რკინის უნიტაზსაც, რომელიც, პრაქტიკულად, დაფარულიც არ იყო. ეს არ იყო სირცხვილი და რომ ვვარჯიშობდით, ის – კი.
სასამართლო პროცესზე პირველ საათზე წამოგვიყვანეს, ჩემი პროცესში შვიდზე იყო და შეგვყარეს სადღაც სარდაფში. ეს ისეთი სივრცეა, რომელიც არ ნიავდება და იქ დაიწყეს რაღაცის ღებვა, აცეტონის სუნით დაგვწამლეს. სასამართლო პროცესის მანძილზე ფეხზე ვიდექით მე და ნინო, არ დავსხედით, ვფიქრობდი, გული არ წამსვლოდა და ჩემიანები არ შემეშინებინა, არც მახსოვს, რა ვილაპარაკე. მომიყვანეს ცრუ მოწმე, რომელსაც ნერვიულობისგან ოფლი ასხამდა, მაგრამ მაინც ცრუ ჩვენება მისცა, თითქოს მე უაზროდ დავდიოდი და ვყვიროდი, უზრდელები-მეთქი, მე, როგორც მუნდირიანმა, საკუთარ თავზე მივიღე და ზრდილობიანად ჩავსვი დაკავების მანქანაშიო.
სრული ზღაპრები.
მოსამართლე მაკარაძემ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. დარბაზში და მის გარეთაც ხალხი მილოცავდა, არადა მოსალოცი არაფერი იყო, გამამტყუნა იმ კაცმა, ის ორი ღამე ხომ დაკავებული ვიყავი და 5000-ლარიანი ჯარიმაც დამაკისრა. მერე სააპელაციომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება… ვაპირებ, რომ სტრასბურგში გავუშვა ჩემი საქმე და ბოლომდე მივყვე ამ ამბავს. არ შეიძლება, ადამიანს ასე მოექცე.
თუმცა, აი, ეს შიში გადავლახე.
ყველაზე მძიმე მდუმარების გამო ახლობლების დაკარგვაა, თუმცა, მეორე მხრივ, ყველაზე სასახარულო იყო თანამებრძოლებს შორის მონათესავე სულების აღმოჩენა და ახალი ადამიანების გაჩენა ჩვენს ცხოვრებაში.
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ორი წელი ასე ვიდგებოდი, ასეთი რუტინა მექნებოდა, სამსახურის მერე აუცილებლად იქ უნდა ვიყო. ყოფილა დღე, რომ სამ მარშზე, სამ აქციაზე ვყოფილვარ… დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რომ დამთავრდება, ეს არ მოგვეჩვენება სირთულედ. მგონია, რომ არაფერთან ერთად არ გავა ის სირთულე და სიმძიმე, როცა შენი ახლობლების იმედი გქონდა და მათ დუმილი ამჯობინეს, გადაწყვიტეს, რომ ასე თავს გადაირჩენდნენ. სინამდვილეში, ჩუმად ყოფნა ვერავის გადაარჩენს. ბევრი იყო ასეთი, მაგრამ რეჟიმი მათაც მიადგა. ახლა მე მირეკავენ და მეუბნებიან – ვაიმე, რა გვეშველება, გამოვიდეს ხალხიო. მე ამ დროს ისედაც გარეთ ვდგავარ, თვითონ არ გამოდის.
მაინც მგონია, ჩუმად ვინც არიან, იმათაც აქვთ გამარჯვების იმედი და მოლოდინში არიან. ამ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ გამარჯვება აუცილებელია და შენც გჭირდება ეს გამარჯვება.
იმაზეც მიფიქრია, მერე რა მოხდება, რა აღადგენს ამ ურთიერთობებს. ისევ იმ ადამიანების დამსახურებით ეშველება, ვინც პროტესტშია და ბოლომდე იბრძვის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ასეთ ადამიანებს არასდროს აქვთ შურისძიების სურვილი, აქვთ გამარჯვებისგან მიღწეული ბედნიერების განცდა და ამ განცდაში ადამიანები სხვებს ხელს არ კრავენ. ისევ მათზე გადაივლის ამ ჩატეხილი ხიდის აღდგენაც. როცა ახალი იქმნება, ამის მშენებლობაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ბუნებრივად მოხდება შერიგებაც, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ამბებიც მომხდარა, იმას რა დაგვავიწყებს, არ ვიცი…
ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ის 5000 ლარი, რომლის გადახდაც დამეკისრა, მე უნდა გადამეხადა, იმიტომ, რომ მოვა დრო და ამის კომპენსაციას აუცილებლად ავიღებ. ჩემმა დამ მაინც დადო პოსტი თანხის შეგროვების შესახებ და რამდენიმე საათში მოუწია აღება, იმიტომ, რომ მალევე შეივსო. გაგიკვირდებათ და, ამ თანხის დიდი ნაწილი ქოცების ჩარიცხული იყო, იმ ადამიანების, რომლებსაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე შევხვედრივარ. ეს თანხა რეჟიმის პატიმრებს გადავურიცხე და ვთქვი, რომ მათ უნდა დააფინანსონ ჩვენი პატიმრები. თვითონაც ხვდებიან, რომ რაღაც ცუდს აკეთებენ.
ამიტომ მგონია, რომ თუ მონანიება იქნება, მიტევებაც იქნება.
ბოლო 35 წელი რომ შევაფასოთ, ძალიან ბევრი სირთულე გვქონდა, ბევრი სისხლი დაიღვარა, თუმცა სინამდილეში მაინც გამარჯვებების წლებია, რამდენჯერაც ვიბრძოლეთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, იმდენჯერ გავიმარჯვეთ, ამიტომ ეს ბრძოლაც ისევ გამარჯვებით დამთავრდება. ის, რაც ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის სხეულისთვის ბუნებრივი არ არის და არც არასდროს ყოფილა – რუსული იმპერია – იმას აუცილებად მოვიშორებთ, და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვესწრებით ამ ამბავს. დეზინტოქსიკაცია მოხდება ამ რუსული ოკუპაციური რეჟიმისგან, რომელმაც შხამი გამოუშვა. ადამიანებს ემჩნევათ, რომ სჭირდებათ ამ შხამისგან დაცლა. ამაში დიდწილად ისევ ჩვენი სტუდენტების იმედი მაქვს, იმიტომ, რომ მათში მაინც ნაკლებია ეს შხამი, რაც დაგვიტოვეს.
———————————————————————








