“შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანიდან 20 იდენტიფიცირებულია, 9-ს კი ეძებენ” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით – ნავებით მდინარეზე. დღეს მოხერხდა 3 ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში, სამივე მათგანი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ესეც ასევე გადატანილია პროზექტურაში. პირველი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებითაა ნაპოვნი. დანარჩენი 2 ცხედარი კი 2 კმ-ის მოშორებით იყო, ერთმანეთთან 200 მეტრის რადიუსით. პირველივე დღიდან მიმდინარეობს მდინარის მონიტორინგი, ამ ეტაპზე ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია გამოჩნდა ისეთი ადგილები სადაც, შესაძლებელი გახდა უკვე ადგილზე გადამოწმება. ხვალ 54 კმ სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული, ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურადაა გაშლილი. ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40%“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.