ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ დამლაგებელს ქობულეთის საავადმყოფოში ტვინის შერყევა დაუდგინეს და ამ წუთებში რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო ერთ-ერთმა მშობელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და ოზურგეთის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
აღსანიშნავია, რომ ჭერის ჩამონგრევის მომენტში, ქვემო ნატანების სკოლაში ზემო ნატანების სკოლის მეორე სმენის სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, რადგან ზემო ნატანების სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვემო ნატანებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. თუმცა არც ეს სკოლა აღმოჩნდა უსაფრთხო, რადგან ისიც ავარიულ მდგომარეობაშია და მიუხედავად მოსახლეობის არაერთგზის მოთხოვნისა, ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და სასწავლო პროცესის შეწყვეტა.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოვარდა. ჭერის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი – სკოლის დამლაგებელი და ერთ-ერთი მშობელი დაშავდა.