სახალხო დამცველი კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს. ლევან იოსელიანის თქმით, მომხდარი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს – მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული ადამიანის უფლების მორიგი უმძიმესი დარღვევის ფაქტი, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს.
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”- აცხადებს სახალხო დამცველი.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.