“თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას, ყველაფერი დანარჩენი იბლოკება, მათ შორის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის” – იოზვიაკი

“თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას, მაშინ ყველაფერი დანარჩენი იბლოკება, მათ შორის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის”, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი “მთავარ არხთან” საუბრობს და უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მუქარას ეხმაურება.

“პრობლემა ის არის, რომ თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას, მაშინ ყველაფერი დანარჩენი იბლოკება, მათ შორის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. კონკრეტულად, საქართველო განხილული არ ყოფილა, მაგრამ ისე გამოდის, რომ ან ყველაფერი გაქვს, ან არაფერი. ერთ მხარეს უკრაინა და მოლდოვაა, მეორე მხარეს კი ბოსნია და ეს მოლაპარაკებები 12 დეკემბრამდე უნდა გაგრძელდეს. 14 დეკემბერს კი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ. თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაშინ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, იმ პირობით, რომელიც ევროკომისიამ გასულ თვეს გააჟღერა. მე წაკითხული მაქვს დრაფტი და საქართველოს შესახებ საკმაოდ კრიტიკული დასკვნებია, თუმცა კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია მაინც არის. მაგრამ თუ სხვა დანარჩენი რეკომენდაციები დაიბლოკა, სხვა ყველაფერიც იბლოკება. ასე რომ ზოგადად მეგობრების ყოლა კარგია, მათ შორის ორბანიც შეიძლება იყოს კარგი მეგობარი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ორბანს ყველაფრის მოგვარება არ შეუძლია”, – განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share