”მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება.
ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც.
სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო.
თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც. მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26-წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ხნის განმვალობაში მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად იზიარებდით მარცხისას განცდილ სინანულსა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს.”