საქართველოში არსებული კლინიკები ფინანსური კრიზისის ზღვარზე არიან – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის სახელზე, 100 კლინიკის მიერ გაგზავნილ ერთობლივ წერილში არის საუბარი.
საქმე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ტარიფებს ეხება, რომელიც 2013 წლიდან უცვლელია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ დღეს ეს ტარიფები მათ თვითღირებულების ხარჯებსაც ვეღარ ფარავს.
ალტერნატივა, რომელზედაც ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს არის DRG პრინციპებზე მორგებული ტარიფების დანერგვა. კლინიკები სახელმწიფოს სწორედ ამ მიმართულებით მოუწოდებენ ნაბიჯების გადადგმას. საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავარი არის არა ის, რომ განცხადებას ხელი 100-მდე კლინიკამ მოაწერა, არამედ მთავარია ის, რომ თუკი აუცილებელი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ამ 100 კლინიკის მომხმარებლისთვის მიწოდებული სერვისის ხარისხი შემცირდება.
“კლინიკების განცხადება ალბათ არის ბოლო წვეთი, რადგან დიდი ხანია უკვე მწიფდება და ამაზე მიდის საუბარი. მივდივართ უკვე იქამდე, რომ გარდაუვალი ხდება რაღაც ნაბიჯის გადადგმა. ეს პრობლემები ახალი არაა და ამ პრობლემებს ვაგროვებთ უკვე 10 წელია, 10 თუ არა 6 წელი ნამდვილად ასეა, covid-ის წლებს თუ გამოვთიშავთ.
მე მესმის ხოლმე, რომ DRG ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფი არის სხვა რამ და ტარიფი არის სხვა რამ, მაგრამ ნამდვილად არაა სხვა რამ. DRG არის სისტემა რომელი შემთხვევებს აჯგუფებს არა 33,000 პროდუქტთად, არამედ 600 პროდუქტად და მათ აქვთ ტარიფი. ეს ორივე ერთი და იგივეა და არ მინდა, რომ ეს ცალ-ცალკე აღიქვას მაყურებელმა თუ სექტორმა.
გაკეთებადია, რომ წლის ბოლომდე DRG-ზე და ახალ ტარიფზე, თანამედროვე ეკონომიკაზე მორგებულ ტარიფზე, არა 520-ე დადგენილებაზე და ხელოვნურად დადაბლებულ ტარიფზე, არამედ იმ რეალურ ტარიფზე, რაშიც ეს სექტორი მუშაობს. არიან დაწესებულებები, რომლებმაც 2020-2021 წლებშიც კი მოგება აჩვენეს და ამ დაწესებულებების მაცვენებლების გამოყენებით, შეიძლება ამის ისე გაკეთება მოკლე ვადაში, რომ საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ისეთ კრიტიკულ ვითარებაზე არ ვიყოთ, რომ კლინიკები საუბრობდნენ სექტორიდან გასვლაზე.
მინდა მივმართო ამ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ საყოველთაო ჯანდაცვა იყო პოლიტიკური პრიორიტეტი და შევახსენებ, რომ 2017 წლამდე ყოველ ნოემბრის თვეში 80-90 მილიონ ლარს ვამატებდით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რათა ეს სიკეთე ხალხისთვის მიგვეწოდებინა და შეგვენარჩუნებინა. 2017 წლის შემდეგ ეს ტენდენცია შეჩერდა და ჯანდაცვაში ჩადებული ფული შეიძლება აბსოლუტურ გამოსახულებაში დიდი ჩანს, მაგრამ ეკონომიკასთან და მშპ-სთან მიმართებით ის მცირდება. დავუბრუნდეთ ამ პოლიტიკურ პრიორიტეტს – ჯანდაცვას.
მინდა, მიმვართო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს და პარლამენტს, ნუ გადაჩეხავენ მოსახლეობის ჯანმრთელობას.
გავრცელდა 100 კლინიკის განცხადება, მაგრამ აქ მთავარ ის კი არ არის, ამ 100-მა კლინიკამ რა თქვა, მთავარია ის, რომ ამ 100 კლინიკაში რომ მომხმარებელი მიდის, მათ სამედიცინო მომსახურებას ემუქრება საფრთხე. ვერ მიიღებენ ადკევატურ მომსახურებას, ნაცვლად იმისა, რომ 10 პაციენტზე იყოს ერთი ექთანი, ჩვენ იქ დაგვხდება 30 პაციენტზე ერთი ექთანი, რადგან მოუწევს ამ სექტორს ხარჯების შემცირება და ეს გადაითარგმნება ისევ ხარისხში.
მინდა მივართო ფინანსთა სამინისტროს, რეალურად გადახედონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას, ეს სიჭარბე რომ დაინახა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კიდევ მეტი ფულის ჩადების შეეშინდა და მიხვდა, რომ ფულის დიდი ნაწილი არაეფექტიანად იხარჯება და მოუჭირა, მაგრამ უკვე ზომაზე მეტად მოუჭირა და არ შეიძლება, იღუპება სექტორი, იღუპება მოსახლეობის ჯანმრთელობა. ფინანსთა სამინისტროს მინდა ვთხოვო, შევევედრო – გადახედონ ამ საკითხებს და იქნებ რამენაირად დამატებითი თანხები, რომლებიც სჭირდება სექტორს, უზრუნველყონ. იქნება ეს ინდექსაციით, თუ DRG-ის ახალი ტარიფით; დროზე არის ეს ყველაფერი გასაკეთებელი.
ჯანდაცვის სამინისტროს მინდა ვთხოვო და შევევედრო, იქნებ ცოტა აქტიურად მიაწვდინონ ხმა იმ გადაწყვეტილებების მიმღებს, ვისაც ხელეწიფება ამ გადაწყვეტილებების ერთ დღეში მიღება”, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.
გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში საკითხის შესახებ ღია წერილის ერთ-ერთმა ხელისმომწერმა “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმაც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია წლის ბოლომდე სამედიცინო სერვისების ტარიფების განახლების მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები. ქიტოშვილი აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებმა არ უნდა დაიგვიანოს, რადგანაც არაერთი კლინიკა, განსაკუთრებით რეგიონული ჰოსპიტალები ფუნქციონირების შეწყვეტის რისკის წინაშე დგანან.
“DRG სისტემის შემუშავებაში ჩვენ მეტნაკლებად ვიღებთ მონაწილეობას ამ პროექტში და ვართ ზოგად პრინციპებში ჩართული, თუმცა ვფიქრობთ რომ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია დროში და ეს ხანგრძლივი პროცესია და წარმატებით დაგეგმვის შემთხვევაში, შედეგგის მომტანი ეს შეიძლება იყოს, თუმცა ჯერ ამაზე მსჯელობა საბოლოო ჯამში როგორ ფორმირდება და რა შედეგის მომტანი იქნება ჩვენი მხრიდან ძნელია ამაზე საუბარი, თუმცა ცალსახაა, რომ ეს დროში სწრაფად ვერ დასრულდება.
ვფიქრობთ, რომ DRG-ის გაშვებამდე აუცილებელია სხვა ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დღეს დარგს წარმოუდგენლად სჭირდება.
რეგიონების კლინიკები რომ ავიღოთ, დაახლოებით, 85% და მეტი მიწოდებული სერვისების, არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ანუ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მიღებული მთლიანი შემოსავლის 60%-ზე მეტი ნაწილდება მედპერსონალზე სახელფასო ანაზღაურების სახით. ეს ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი ნაწილია, რაც თვითღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამას ემატება მთელი რიგი მიმდინარე ხარჯები, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმ სისტემას და იმ სტრუქტურას, რომ ბიზნესი ზარალიანი ობიექტია და ხშირ შემთხვევაში გაჩერება ზოგიერთი კლინიკის უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე მისი ფუნქციონირება”, – განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა.
DRG ტარიფების შესახებ “საქმის კურსთან” განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, რომელმაც განაცხადა, რომ სამინისტრო DRG ტარიფების დანერგვას წელსვე განიხილავს.
„გასაგებია, რომ გარკვეული ფასის მატება გარკვეული მიმართულებებით მოხდა, თუმცა ისევ და ისევ დღეს მნიშვნელოვანია სწორად ჩამოვყალიბდეთ DRG-ი პრინციპზე, საითაც მივდივართ და ფრაგმენტული ინტერვენციებით არ გამოვიწვიოთ დამატებითი დაბნეულობა ამ პროცესში. სტრატეგია განსაზღვრულია, ტექნიკური პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობთ, საკონსულტაციო პროცესი ეფექტიანად გაგრძელდება იმისთვის, რომ წლის ბოლოსთვის და შესაძლოა, უფრო ადრე DRG დაიწყოს და დაინერგოს“, – განაცხადა გაბუნიამ.