საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთიდან 705 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია.
ამ ზრდის შედეგად, რუსეთი საქართველოსთვის თურქეთის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას ჩინეთი იკავებდა, თუმცა რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი ზრდის შედეგად, ეს პოზიცია რუსეთმა დაიკავა. თვეების მიხედვით ყველაზე დიდი მატება ივნისში იყო, როდესაც საქართველომ $151 მილიონის ღირებულების საქონელი შემოიტანა რუსეთიდან. შედარებისთვის, 2021 წლის ივნისში იმპორტი 72 მილიონი დოლარი იყო.
საგარეო ვაჭრობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმპორტის მატება ძირითადად ნავთობის გაზრდილ იმპორტს უკავშირდება, რის შედეგადაც რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მიწოდების მთავარ წყაროდ იქცა.
რა საქონელი შეიძინა საქართველომ რუსეთიდან წელს:
1. ნავთობი – $184 მილიონი დოლარი, 198 ათასი ტონა, მატება 206%;
2. ბუნებრივი აირი – $40.2 მილიონი დოლარი, 156 ათასი ტონა, კლება 50%;
3. ქვანახშირის კოქსი – $30 მილიონი დოლარი, 54 ათასი ტონა, მატება 200%;
4. ხორბლის ფქვილი – $28.8 მილიონი დოლარი, 77 ათასი ტონა, მატება 1,300%;
5. მარგარინი – $25.7 მილიონი დოლარი, 15 ათასი ტონა, მატება 756%.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს რუსეთში 256 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, საქართველომ რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი გაზარდა, თუმცა მინერალური წყლების და ღვინოების ექსპორტი შემცირებულია.
რა საქონელი გაიტანა საქართველომ რუსეთში ექსპორტზე:
1. ფეროშენადნობები – $86 მილიონი დოლარი, 41 ათასი ტონა, მატება 19%;
2. ღვინოები – $58 მილიონი დოლარი, 21 ათასი ტონა, კლება 3.5%;
3. მინერალური და მტკნარი წყლები – $18.6 მილიონი დოლარი, 35 ათასი ტონა, კლება 40%;
4. მსუბუქი ავტომობილები – $13.9 მილიონი დოლარი, მატება 71%;
5. სპირტიანი სასმელები – $13.6 მილიონი დოლარი, კლება 13%.
სავაჭრო საქონლის ტოპ ხუთეულში ზრდა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ფეროშენადნობების მიმართულებით ფიქსირდება.