“გთხოვთ ყველას ბედნიერები გახდეთ” – ლადო აფხაზავა სიკეთის მნიშვნელობაზე

“ახლა რთული პერიოდი გვიდგას ადამიანებს, ერთმანეთთან ახლოს ყოფნა გვჭირდება”- წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ლანჩხუთელი პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა და მის ბავშვობაში მომხდარ ფაქტს იხსენებს: “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კამპანიას გადავაწყდი, მომავლის შექმნაში წვლილი თითოეულ ჩვენგანს შეგვაქვსო. და ჩემი ბავშვობის ისტორია გამახსენდა…
პატარობისას მოულოდნელად წავიქეცი და ისე ძალიან ვიტკინე ფეხი, რომ მეგონა, ვერასოდეს ავდგებოდი. მაშინ რატომღაც დედა დამიდგა თვალწინ, მისი ემოციები წარმოვიდგინე, ამ ყველაფერს რომ გაიგებდა. უმალ ძალიან ბევრი თანასოფლელი მოგროვდა და ექიმების მოსაყვანად გაეშურნენ, რადგან იმ დროს მობილურები არ იყო, რომ სასწრაფოში დაერეკათ. მახსოვს იმ მომენტში ყველაზე მეტად ფეხზე წამოდგომა მინდოდა, მაგრამ რამდენიმე უფროსი გაჰყვიროდა, ხელი არ ახლოთ, სანამ ექიმი არ მოვაო. ექიმზე მეტად იმ დროს ადამიანური სითბო მჭირდებოდა, ხელში აყვანა, თანაგრძნობა, მაგრამ ვეგდე მიწაზე, სისხლი მომდიოდა, შეშინებული ვერ ვსაუბრობდი და თვალებით ვეხვეწებოდი იქ მყოფებს, დამხმარებოდნენ. ყველა იმას გაიძახოდა, ჰაერი მიეცით, გაიწიეთო. ძალიან მინდოდა, ვინმე ახლოს მოსულიყო და თავზე მაინც გადაესვა ხელი ჩემთვის. დედა იქ არ იყო, მაგრამ ვინმეს მისი მაგივრობა მინდოდა გაეწია. მიწაზე გაშოტილი იქ მდგომი ადამიანების ფეხებს ვხედავდი მხოლოდ. უცებ თვალი მოვკარი, როგორ მორბოდა ჩემკენ ერთი ბიჭი. ეს ჩემი ზურიკო იყო, ჩემი თანაკლასელი, რომელიც არავის დაემორჩილა, მომვარდა, ხელი მომხვია და წამომაჯინა. მან მაისური გაიძრო და სისხლიც მომწმინდა. ნახევარი საათის შემდეგ ექიმები მოვიდნენ. ახლა ვხდები, რომ იმ წუთებს ვერ გავუძლებდი, რომ არა ჩემი ერთგული მეგობარი.
ეჰ, ადამიანებო! ჩვენ სხვა ადამიანების დახმარება შეგვიძლია. ბევრი ჩვენგანი სწორედ ისეთ მდგომარეობაშია ახლა, როგორშიც მე ვიყავი იმ დროს, მხოლოდ ყურადღება და ხელის წამოშველება რომ მჭირდებოდა. ახლა ყველაზე რთული პერიოდი გვიდგას ადამიანებს და ერთმანეთთან შორს კი არა, ახლოს უნდა დავდგეთ. დისტანცია დავიცვათო, იმას არ ნიშნავს რომ სულიც გავიყინოთ და ხელი არ შევაშველოთ ერთმანეთს. ყველა სტრესულ მდგომარეობაში ვართ და ამ სტრესს მაშინ გავუმკლავდებით, თუ თანაგრძნობას გამოვიჩენთ. კეთილმა ადამიანებმა ჩემი მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და საკვების შესაძენად თანხები ჩაგვირიცხეს. პროდუქტების საყიდლად მარტო არ წავედი, ჩემი კოლეგებიც წავიყვანე, ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და შევთანხმდით პროდუქტების ჩამონათვალზე. მათთან ერთად 76 ოჯახის ჭიშკარი შევაღე. როცა დავასრულეთ, თვალს ვერ ვაშორებდი ჩემს თანამშრომლებს, თვალები უბრწყინავდათ და ვერ მალავდნენ ემოციებს. მას შემდეგ ყოველდღე მთავაზობენ გვერდით დგომასა და დახმარებას. ახლა უკვე ისინიც არ ჩერდებიან: კერკეტი კაკლები დაამტვრიეს, თაფლი ქილებში გადაანაწილეს, რომ მოსწავლეებს საახალწლო ნუგბარი დაუმზადონ.
ბედნიერებაა, როცა სხვას ეხმარები და ეს უნდა გააკეთო, რომ გამოსცადო.
ყველაფერი მაშინ იქნება კარგად, როცა ვისწავლით სხვა ადამიანებზე ზრუნვას.
დღეს იმ პატარა ბიჭის, ჩემი თანაკლასელი ზურიკოს, საფლავზე ვიყავი და სწორედ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, გადავუხადე მადლობა იმ დღისთვის, იმ სითბოსთვის, იმ დახმარებისთვის, რომელიც იმ დღეს მან გამიწია.
მადლობა ახლა გადავუხადე. ვფიქრობ, ძალიან დავაგვიანე, თუმცა ვიცი, ეს არც სჭირდებოდა. ის ბედნიერი იყო იმით, რაც მაშინ ჩაიდინა და გთხოვთ ყველას, ბედნიერები გახდეთ. დაეხმარეთ და ნუ დაელოდებით მადლობას.
ჰოდა, დაამტვრიეთ კერკეტი კაკლები, ქილები – თაფლით, ხოლო გული სიკეთით აივსეთ და ნახავთ, როგორ თავისთავად მოვა ბედნიერება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share