„მოი? როის მიხვალ?“ ანუ კორონა და თითოეული ჩვენთაგანი

გასულ თვეში, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა მოეწყო. პანდემიის წესების გათვალისწინებით, გამოფენილი იყო ისტორიები და ამბები, რომელთა წაკითხვა და დათვალიერება შეიძლებოდა.

აღნიშნული წერილიც იმ გამოფენის გამოძახილია და გურიის მედიატორთა ასოციაციის ამბავს გვიყვება.

ცნობილი გურული წამოცდენა ,,მოი? – როის მიხვალ?“ ასე არაფერს შესაბამებია როგორც ,,კორონას“. მართალია ჩვენთან დაიგვიანა, მაგრამ გაჯიუტდა და წასვლას არ დაადგა საშველი.

მოგეხსენებათ, გურულები ყველა მოვლენას ვუძებნით პოზიტიურ მხარეს, ამიტომაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ  კორონასაც მოჰყვა პატარ–პატარა ,,სიკეთეები“.  პანდემიის პირველივე დღეებიდანვე მოხდა  ადამიანების გაერთიანება საერთო,  ,,შეუცნობელი მტერის“ წინააღმდეგ.

მერიის, ნატანების, ჯუმათის და ბაილეთის თემებში შევქმენით მოხალისეების ჯგუფები და დავიწყეთ ზრუნვა მეზობლებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე, თანასოფლელებზე  და ყველაზე, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა.

  • მარტო დარჩენილი ხანდაზმულებს, რომლებიც პირველადი საჭიროებების პროდუქტების, წამლების და ყურადღების გარეშე დარჩნენ გადაადგილების შეზღუდვის გამო. (ოთხ  თემში საკვებით, ჰიგიენის საშუალებებით და მედიკმენტებით დავეხმარეთ 150 ოჯახს.)
  • ბავშვებს, რომლებსაც არ შეეძლოთ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, შესაბამისი ტექნიკის არქონის გამო. (15 მრავალშვილიან ოჯახს, სხვადასხვა პროექტის საშუალებით გადავეცით 15 ც. პლანშეტი და ლეპტოპი, შეძენილი 3 თვიანი ინტერნეტ პაკეტებით).
  • ადამიანებს რომლებმაც დაკარგეს სამსახურები ბიზნესის შეფერხების გამო.
  • გავეცით სამართლებრივი კონსულტაციები და დახმარება  80–მდე დაზარალებულ მოქალაქისთვის და მათთვის, ვინც ვერ სარგებლობა  სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამებით,  ინფორმაციის არქონის თუ ტექნიკური საშუალებების არქონის გამო (200–მდე  მოქალაქეს გაუწიეთ ტექნიკური დახმარება სხვადასხვა სუფსიდიის და დახმარების მიღებაში.  ელექტრონული განაცხადების შევსება/რეგისტრაციაში).

ჩვენს ახლოს მყოფ ადამიანებზე ზრუნვის პარალელურად გაგვახსენდა ჩვენი ემიგრანტები. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდნენ, შეშინებულები,  სრულიად მარტო, უცხო ხალხის ამარა… ამიტომაც ჩვენი ერთერთი პირველი პროექტი  ამ ადამიანებისთვის ფსიქო რეაბილიტაციის  შეთავაზება იყო.  ოცამდე ქალს მივეცით საშუალება დისტანციურად მიეღოთ ჩვენი დახმარება.

როგორც ყოველთვის, სიკეთის ჯადოსნურმა თვისებამ ათიათასად გამრავლებისა, აქაც იჩინა თავი და იქედანაც არ დააგვიანა პასუხმა. წამოვიდა შემოწირულობები, გზავნილები და იმაზე მეტი სიკეთე რაც ჩვენ გავეცით: მათი შემოწირულობების საშუალებით დავეხმარეთ ჯუმათის თემში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს და საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს.  ჯამში 50–ზე მეტ ადამიანს.

მიღებაზე მეტად გაცემა რომ გვაბედნიერებს სწორედ ამაშია ჩვენი საზოგადოების ძალა, ხიბლი და სწორედ ამიტომაა სიკეთე გადამდები.

იმედია მალე წავა დაუპატიჟებელი სტუმარი, მაგრამ დარჩებიან პატარა გოგო–ბიჭები ველოსიპედებსა და სკუტერებზე ამხედრებულები დაურიგებენ მოხუცებს სიყვარულს, დარჩებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის დასალიერში გააგზავნიან ყურადღებას და იმედს. გამოაცხობენ პურებს და სრულიად უცხო ადამიანებს დაურიგებენ…  იქნებიან სოფელში სოფლისთვის, ერთმანეთისთვის და კეთილი საქმეების კეთებისთვის….ჩვენ კი ვიქნებით მათ გვერდით მუდამ სიკეთის და ერთმანეთის დამხმარების სურვილით შემართულები.

გურიის მედიატორთა ასოციაცია არის ერთგვარი ქოლგა ორგანიზაცია და აერთიანებს ოზურგეთის თემებში მოქმედ სათემო ცენტრებს.  ასოციაცია შეიქმნა 2011 წელს  რეგიონის,  განსაკუთრებით კი, სოფლად მცხოვრები  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, მათი უფლებების დაცვის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.  მისი პარტნიორი და დონორია: „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“.

მაკა ჩხარტიშვილი

სტატია იბეჭდებაა ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) შეხედულებებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share