რას ნიშნავს, იყო მუსლიმი საქართველოში

მოქალაქე ედო ჯავახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებსა და მათ მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს: “არასდროს მისაუბრია საჯაროდ ამ თემაზე, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში სათქმელი ბევრი დამიგროვდა და მინდა გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მოგიყვეთ, რას ნიშნავს იყო საქართველოში მუსლიმი. მთელი ბავშვობა მაღალმთიან აჭარაში გავატარე. დაახლოებით, 8-9 წლის ასაკში დავიწყე სიარული სოფლის მედრესეში, რომელიც დღემდე ჩემთვის თბილ ღუმელში ცეცხლის გიზგიზთან და ჩემი თანატოლების ლამაზი ხმით წაკითხულ ყურანის აიათებთან ასოცირდება. იმამი ყოველი ლოცვის შემდეგ ხმამაღლა ამბობდა ვედრებას, რომელშიც აუცილებლად იყო მოხსენიებული ქვეყნის დაცულობა შიდა თუ გარე მტრებისგან და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება. ამ ვედრებას კი პატარები ხმამაღალი”აამინით” ვეხმიანებოდით. წლების განმავლობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმე მეორეხარისხოვან მოქალაქედ ჩამთვლიდა, მაგრამ 13-14 წლის ასაკში სოციალურ ქსელში წავაწყდი პოსტს, რომლის ქვემოთაც მუსლიმების სიძულვილით გაჟღენთილი კომენტარების ნიაღვარი მოდიოდა. მთელი კვირების განმავლობაში საშინელ სიბრაზეს ვგრძნობდი, რასაც კომენტარებშიც გამოვხატავდი ხოლმე, მაგრამ ბოლოს თავი დავანებე ყველა უსაფუძვლო ბრალდებაზე, ლანძღვასა თუ გინებაზე პასუხის გაცემას. ჩავთვალე, რომ ასეთი ადამიანები ცოტანი იყვნენ და ყურადღების მიქცევასაც არ იმსახურებდნენ თავიანთი მორალის გამო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი, ძალიან ბევრნი არიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, საზოგადოების ყველა რგოლში, ყველა სოციალურ ფენაში. სწორედ ამის გაცნობიერებაა ქართველი მუსლიმისთვის ყველაზე რთული. იყო ქართველი მუსლიმი, ეს პირველ რიგში, ნიშნავს ამტკიცო, რომ ქართველი მუსლიმები არსებობენ და შესაძლებელია, რომ თან ქართველი იყო და თან მუსლიმი. ამის მტკიცებას ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ თვითონ მტკიცების პროცესი, ამის საჭიროება ძალიან, ძალიან დამთრგუნველია. იყო ქართველი მუსლიმი, ეს ნიშნავს, ყველა ფეხის ნაბიჯზე ისმინო დამახინჯებული ისტორია, რომლის მთავარი შინაარსი არის ის, რომ შენი რწმენა გააზრებულ პრინციპებს კი არა „ცეცხლით და მახვილით გამაჰმადიანებული“ წინაპრების ტრადიციას ეფუძნება. აქაც ბევრი არაფერია საჭირო, რომ საკუთარი პოზიცია ახსნა და ამ ისტორიის სიყალბე დაამტკიცო, მაგრამ ესეც გღლის და მოტივაციას გართმევს. იყო ქართველი მუსლიმი, ეს ნიშნავს, ლოცულობდე საკუთარ სახლში და არ გქონდეს დაცულობის განცდა, ან იყო უსაფრთხოდ და გეშინოდეს, რომ შენს მუსლიმ ძმებს საფრთხე ემუქრებათ. წარმოუდგენლად რთულია ერთიც და მეორეც. წარმოუდგენლად რთულია, აიტანო ის უსუსურობის განცდა, რომელიც ამ დროს გეუფლება. იყო ქართველი მუსლიმი, ეს ნიშნავს, იცხოვრო ქვეყანაში, სადაც შალვა ნათელაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები ფიქრობენ სტრატეგიაზე, რომლის მეშვეობითაც „მაჰმადინთა მოქცევა“ უნდა განხორციელდეს. წარმოიდგინეთ, რა რთულია იმის გაცნობიერება, რომ შენი იდენტობა პრობლემაა, რომლის გადაჭრისთვისაც, მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, სტრატეგია უნდა არსებობდეს. ამდენი მტკიცების, მოთმინების შემდეგ, დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ იზრუნო პიროვნული განვითარებისთვის, იმისთვის, რაც ასე ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეგობრები, კურსელები, ნაცნობები, რომლებიც არ არიან ისლამის მიმდევრები, მაგრამ არასდროს უგრძნობინებიათ ჩემთვის, რომ რამით განსხვავებული ვარ. სწორედ ასეთი ადამიანების არსებობა გაძლევს ძალას, გააგრძელო ჩვეულებრივი ცხოვრება. მეგობრებო, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?! რომელ განვითარებაზეა საუბარი?! ეს რა სიბნელეა?! რა დროს რელიგიური დაპირისპირებაა?! რატომ ვხარჯავთ ძვირფას დროს ისეთი ბანალური ჭეშმარიტების გათავისებაზე, რომ თანასწორები ვართ და მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთამანეთს პატივს უნდა ვსცემდეთ?! ვიცი, ეს პრობლემა კომპლექსური ფაქტორებითაა განპირობებული, მაგრამ იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ გავჩერდებით, არ დავიღლებით, ისევ ვიქნებით სამაგალითო მოქალაქეები და ადრე თუ გვიან ამ ქვეყანაში მუსლიმებზე მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში აღარ ისაუბრებენ”, – წერს ედო ჯავახიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    "მე გეტყვით როგორი მამაა თემური" - ლანჩხუთში გარდაცვლილი გოგონას ახლობელი"ჯერ მარტო ბებიის სახეს დააკვირდით, წაშლილია ქალი“ _ გარდაცვლილი მე-11 კლასელის ახლობელი დღეს, 18:48 კოპირება ლანჩხუთელი მე-11 კლასელი გოგონას ტრაგედიას, რომელმაც ხუთშაბათს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ოჯახის ახლობელი ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ არასწორია მედიის წარმომადგენლების მოქმედება. "ჯერ მარტო ბებიის სახეს დააკვირდით, წაშლილია ქალი, წაშლილი, მისთვის რაიმეს კითხვა შეიძლება საერთოდ…
    Tags: და, რომ, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი, სოციალური
  • 95
    "ის თანხა ჩვენთვის რომ დაენიშნათ, რასაც მიმღებ ოჯახებს აძლევენ, შვილები სახლში მეყოლებოდა და ანრიც ცოცხალი იქნებოდა"გასულ თვეში, ლანჩხუთში 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა, სადაც წერს, რომ მას აღარ უნდა ასეთი სიცოცხლე. დედას, ანრისთან ერთად კიდევ ექვსი შვილი სოციალურმა სამსახურმა 7 წლის ჩამოართვა და მიმღებ ოჯახს გადასცა. ხუთი ერთ ოჯახს, ორი კი მეორეს. თითოეული ბავშვის მოვლაში სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს 500 ლარამდე…
    Tags: რომ, და, არ, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 95
    "ხელისუფლების ბრალია, არჩევნების წინ ევაჭრებიან ადგილობრივ მუსლიმებს"ცოტა ხნის წინ ჩოხატაურში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა ეხმაურება და წერს: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ბუკნარში განვითარებული კონფლიქტი, რომელიც სამწუხაროდ რელიგიურ ნიადაგზეცა წარმოშობილი და ერთმანეთს ერთი სოფლის მართმადიდებელი და მუსულიმი მოსახლეობა ფიზიკურად დაუპირისპირდა , სრულიად არის "ქართული ოცნების" და ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის დამსახურება. ისინი თითქმის…
    Tags: და, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი, სოციალური, ქსელი
  • 95
    "გაიწელებოდა, გაგრძელდებოდა თებერვალში ზამთარი გურიაში"#გარდენიასისტორიები ფოტო: ერეკლე მაღლაკელიძე გაიწელებოდა, გაგრძელდებოდა თებერვალში ზამთარი გურიაში, აღარ ჩანდა საშველი და სახიდებელი. საღამოობით, ნავახშმევს ხშირად შეიკრიბებოდენ მეზობლის ქალები ჩვენსას. ისე, უქმად, სალაყბოდ შეკრება არ ითვლებოდა ოჯახისქალისთვის წესად, ამიტომ რამე უხვავო საქმეს გამოძებნიდა ბებია, ასე ვთქვათ ქალთა ნადს იხმობდა, თან დიდი ხნის მირჩენილ საქმეს გამოათანიებდა და ხარობდა მათი ჩვენთან…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი, სოციალური, ქსელი